სულთან აჰმედის მოედანზე
აქ დღეს სამყარო შევიგრძენი მე მთელი გულით, თითქოს ვფხიზლობ და ამავედროს მომგვრია რული, მთელი არსებით შევუპყრივარ მბრუნავ დერვიშებს, მზე შემოდგომის იღიმება, სხივებს ვერ იტევს. ტაძარს მეჩეთად გადაქცეულს უგრძელებს ჩრდილებს, მის გარდა ბედის მრუდობაზე ვინ დაიჩივლებს?! ვინღა აღუვლენს ლოცვებს ფრესკებს,ზარებს დარეკავს?! უსამართლობავ, კაცთა მოდგმას ალბათ წალეკავ. გრძელდება სამა,ბზრიალებს ჰირყა,ისმის მესნევი, ვხვდები დროს ვერაგს,უმოწყალოს, ვეღარ ვეწევი. ირგვლივ ყოველი გარინდულა,არ ისმის ვიში, მთელი სამყარო ჩატეულა მბრუნავ დერვიშში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი