ლურჯი იარა:
ლურჯი იარა: ისევ აპრილი... ისევ ოცნება... და იასამნის ლურჯი ხავერდი, ვიცი, ამ ღამით არ დამეძინება, შენს მოლოდინში ისევ დავბერდი. ო, ეს სურნელი -სულთა თარეში, როგორც სიმები დაწყვეტილ ქნარის, იღვრება შუქი მთვარის თვალებში და იასამანს ეხება ქარი. ამოვარდნილი ნაზი სიზმრებით, ისევ იშლება ლურჯი მტევნები, და ამ უცნაურ, ნათელი ფერებით, მე სამუდამოდ დავეტყვევები. მიდის ოცნება სადღაც შორეთის, სად ცისკარია მარად უძრავი, ამ სურნელების და ამ მორევის არის ცხადი და არის სიზმარი. არც დავიწყება, არც დაბრუნება, მხოლოდ წამია ეს გაელვება, ასე სცოდნია ნაზ ბუნებასა - სულში ჩაღვრა და გარდაცვალება. მინდოდა მეთქვა: „მჯერა, მოხვალო“, რომ ეს აპრილი არ არის ფუჭი, მაგრამ სიჩუმე მეფობს მობნეულ იასამანთა ამღვრეულ ჯგუფში. ისევ ქარია... ქარი მგოსანი... და იასამნის მძიმე მტევნები, როგორც სურვილი - უცხო ფრთოსანი, ამ სურნელებას დავეტყვევები. და როცა ღამე სუდარას გაშლის, და როცა მთვარე დალევს ფიალას, დარჩება მხოლოდ სუნთქვა ამ ბაღში - და იასამნის ლურჯი იარა. 04,02,2026,ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი