აპრილის ეშხი
ვინ თქვა, რომ აპრილს წაართვეს ეშხი, ვინ თქვა , რომ ტიტებს კორტნის ქარები, ვინ თქვა, რომ არ წვიმს?! წვიმს და თან რა რიგ - ქოლგად რტოგაშლილ ხეს ვეფარები. წკაპუნით მარწყვის გადაშლილ ყლორტებს ჩაბერეს სული ციურ ძალებმა. იწვიმოს! წვიმდეს! ოღონდაც წვიმა არ წამიბილწონ ცივმა ქარებმა! ჩემს სამეფოში ბატონობს წვიმა, ყვავის ნარცისიც , ზამბახიც, ტიტაც; გალიის კარებს გავუღებ მტრედებს -იქნებ გაზაფხულს სწყუროდეს რის თქმა... გავატან ბარათს, ვუამბობ ჩემზეც, მივწერ , რომ ნელა გადის დღეები, ყვავილებს მშვიდად ვუბარავ მიწას, ვებღაუჭები აპრილს ხელებით. წერილის ბოლოს ფრთხილად და კრძალვით გაზაფხულის სულს ვუთვლი მოკითხვას, ვეალერსები ჩემს წილხვედრ აპრილს, სანამდე მტრედი პასუხს მომიტანს. ,,-ვიტოვებ იმედს,არ დაჰყვა დარდი აპრილის შობას და თავს გრძნობ ლაღად, ალბათ ტაატით სეირნობ! ქართლის მინდვრებზე ქალწულ ენძელებს ქარგავ!" ვინ თქვა, რომ აპრილს წაართვეს ეშხი, ვინ თქვა, რომ ტიტებს ამტვრევს ქარები, გავუშლი ტოტებს ატმისფერ იმედს, წვიმისგან სველი შევეფარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი