არ მინდა ფრთები...


ღმერთო, არ მინდა ფრთები!
მინდა სიცოცხლე გთხოვო...
გთხოვ ,რომ დაიცვა ბებო
უშვილო , უთვისტომო!

გთხოვ, შეიფარო კაცი
ქუჩის კუთხეში მწოლი,
მიეცი იმის ძალა,
ქვეშაგად იცნოს ლოდი!

ღმერთო, არ მინდა ფრთები,
(თუმც ერთ დროს როგორ გთხოვდი),
ღმერთო , დამხედე მადლით
გავუძლო მტანჯველ ლოდინს!

მიიღე ჩემგან მსხვერპლად
ჩემივ გულწრფელი ნება
შენი კალთის ქვეშ ყოფნის,
სისხლის და ხორცის ხლება.

ღმერთო , შემუსრე მტერი
შავით მოსილი, უნდო!
გთხოვ ,ნუ დაუშვებ ქვეყნად
ერთმა მეორეს უმტროს!

ახლა ღამეა, ბნელა,
შენა ხარ ჩემში მეტი;
ყველა შიშზე და ფიქრზე
თავად ჰაერზე მეტიც.

იცი, გოლგოთის ფასი,
ჩემს გოლგოთასაც იცნობ,
როცა აღდგები მკვდრეთით,
შენთან მიგულებ , ვფიქრობ!

გთხოვ, გადმოგვხედე, ღმერთო!
ვიცი , რომ ჩემი გესმის!
ნუ აატირებ ქართველს,
გადამირჩინე ერი!

მერე დავხვდებით ზაფხულს,
გულში ჩაიკრავს ძმა ძმას!
საკმარისია ,ღმერთო ,
სამყარო შენსას არ ჰგავს!

როგორ შეგცოდეთ ასე,
ვიცი, გადავცდით საზღვარს!
ნუ განრისხდები, ღმერთო,
თქმა თუ ვარჩიე არ თქმას!

ჩაგვკიდე ორივ ხელი
ძლიერად, ძალზედ მაგრა!
როგორ შეგკადრებ კედლებს,
როგორ დაგიდებ საზღვარს.

ვერ დაეტევი ვერსად ,
სამყაროზეც ხარ ვრცელი !
სად დაგიტიო ,ღმერთო,
მხოლოდ გული მაქვს წრფელი.

მოდი , უმწეოს შემწედ,
მოდი , ცოდვილთა მხსნელი!
ღმერთო არ მინდა ფრთები,
გამომიწოდე ხელი!..

მიიღე ჩემგან მსხვერპლად
ჩემივ გულწრფელი ნება,
შენი კალთის ქვეშ ყოფნის,
სისხლის და ხორცის ხლება.

ვინ განვიკითხო ღმერთო,
თავად სავსე ვარ ცოდვით!
ღმერთო, მომეცი ძალა,
უნდა გავუძლო ლოდინს.

ვიცი, ინებებ ხვალაც
მზის გაბრწყინებას ჩვენთვის ,
თუმც უმთავრესი კვლავაც
შენი ნებაა ჩემთვის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი