მიწის მზეები
გაზაფხულდება. პირს მოაღებს აპრილი კვლავაც, რიონის პირზე მოციმციმე მზისგულ გვირილებს, მიეპარება ნიავი და აუშლის კაბას, დაირცხვენს მთების გვირილა და ჩაიკისკისებს. შებღავლებს, ცისკრით, გიშრისთვალა , ყელწვრილი ფური, სოფლის ბოლოში გამოქცეულ რაკრაკა რუებს, ღრუბლები, როგორც დასაცხობად მოსული ცომი, აფუვდებიან, აილაკრავენ მზისგულზე ყუებს. გაზაფხულდება, გაიპოხება მიწა სურნელით წვიმის და ნესტი მოედება სამყურა ბალახს. აწრიპინდება გარიჟრაჟზე წვიმა სულელი და შეერევა ორღობესთან მოვარდნილ ტალახს. გაზაფხულდება ორღობეში, მთებში, ზეცაში. რიონის პირზე ქვებს გახეთქენ მიწის მზეები, შეივსებიან ახალბედა ქალწულებივით სოფლის აღმართის აყოლებით ტყემლის ხეები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი