მუზეუმები
როცა გვეშინია ღმერთის - ვაშენებთ ტაძრებს, როცა ერთმანეთის გვეშინია - ვთხრით ხოლმე სანგარს, როცა არ ვენდობით ასაკს - აფთიაქებს ვაფარებთ თავს, როცა ეჭვის თვალით ვუყურებთ ამინდს - ვიწყებთ ქოლგებთან ერთად ცხოვრებას, როცა სიმარტოვე გვაშინებს - ვიყვარებთ, როცა გვაშინებს ემოციების დაკარგვის შიში, ვინახავთ წერილს, ფირსა და ფოტოს, როცა გვაფიქრებს მეხსიერება - მუზეუმების შენებას ვიწყებთ, შენებას ვიწყებთ, როცა ბუნება შეგვახსენებს, რომ დრო გავიდა, მუზეუმები მეფეების ფიქრებს ინახავს, მოგვიყვებიან, დედოფლის ჩურჩულს, მოგვიყვებიან, რომ შეცდომები არ დაგვიშვია და მაინც მოვკვდით, ჩვენი სიცოცხლე დავიწყებაა, ჩვენი ნივთები და ტანსაცმელი გაახსენებენ მოდას და ამინდს, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიგებენ გრძნობას, რომლითაც ვკოცნიდით შუბლზე და ვერც ჟრუანტელს შენი ნახვისას და ვერც აგვისტოს ნაღვლიან ნათელს, ჩვენ რომ გვიყვარდა ასე ძალიან, ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვიყავით ქვეყნად და მუზეუმებს არ ვაშენებდით,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი