ამაოების თვეები


როცა ცხოვრება მხარს არ მიჭერს
მე ვჯდები მარტო
ოთახში, სადაც არც კატაა
არც მიკროფონი,
არც სხვა ლანდები მოძრაობენ,

მე ვიღებ ხელებს,
ვდებ მაგიდაზე
და წარმოვიდგენ
როგორ იღება ოთახის კარი,
შემოდის მაცნე და მეუბნება,
რომ ხარები და სახედრები
გარეკა მტერმა
და დამიხოცეს მსახურები,
მოედო ცეცხლი ჩემს ცხვარს და ფარას
და წარიტაცეს აქლემები
და ნანგრევებმა
ქვეშ მოიყოლეს
ჩემი ვაჟები
და ასულები

და წარმოვიდგენ
ჩემს ხელს და ტერფებს
როგორ უეცრად
ედება ქეცი,

საბედნიეროდ ყოველთვის რჩება
უარესობის შესაძლებლობა,
მე შემიძლია დავიჯერო ეს ტრაგედია
სინამდვილემ რომ ვერაფერი
ვეღარ დამაკლოს,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი