სიცოცხლის ყოველი კვადრატი


ეს შეიძლება, 
თოლიებმა შეწყვიტონ ფრენა
ლამაზი ზღვების სანაპიროზე,
ანდა ჩიტებმა დასვენება -
გადაფრენისას,
ეს შეიძლება,
გვირილები ვერ გაიშალონ
და აგვისტოს მზემ ნორჩი ლოყები
ანდა ბაღები ვეღარ გაათბოს,
ეს შეიძლება,
არ დადნეს თოვლი
და ორკესტრებმა
მელოდია აღარ დაუკრან,
აღარ დაიძრნენ სადგურებზე მატარებლები,

ეს შეიძლება,
კამკამა წვენი
ვერ ჩაიღვაროს მცენარეებში
და ნაყოფები ვეღარ დამწიფდნენ,
ეს შეიძლება,
შენობების შენება შეწყდეს
და წვრილ ქუჩებში პატარებმა ვერ ითამაშონ
და ბამბებივით თეთრმა ღრუბლებმა
შეწყვიტონ თრთოლაც
და დამსგავსებაც ფიგურებისთვის
და მიილიოს -
რითაც მთა და მოლი გვინდოდა,

მე კი, არ შევწყვეტ შენს სიყვარულს,
როდესაც მოვა
უნაზესი დღეების რინდი
და მანძილები დაგვაცილებენ
და კვადრატები ამოივსება,

არათუ ახლა,
მეყვარები შორ ღამეებშიც,
თუ გაგრძელდება უჯრედების ბიოლოგია,
თუ სეროტონინს
და დოფამინს
და ოქსიტოცინს
კონცენტრაციას გაუზრდის ტვინი,
ერთი დანახვით როგორც
შევთანხმდით,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი