მათ მოიგონეს დაგეროტიპი


თავიდან, უნდოდათ 
მხოლოდ ზეპირსიტყვიერება მოეცათ,
მალევე მიხვდნენ -
ეჭვიანი თვალები მქონდა
და ქვაბურის კედლების გამდიდრება 
დაიწყეს ხელის ფალანგებით,
ჯუჯა ცხენებით
და სცენებით, გარეულ ტახზე ნადირობიდან
და ათასგვარი ილუსტრაციით,
რაც სჭირდებოდა
დამაჯერებელ ევოლუციას,

და ამ ყველაფრის გასამძაფრებლად
დაამტვრიეს იაპონური თიხის ჭურჭელი
და ჩემს გარშემო, 
მუზეუმებში მიმოაბნიეს,
არტეფაქტები რომ მგონებოდა,

მათ ძალ-ღონე არ დაიშურეს
და მოიფიქრეს იმპერიები
და დამპყრობლები
და დამწერლობა
და მერე მათზე
(რომ ყოფილიყო მათი ცხოვრება დასაჯერები)
დაუჯერებლად ბეეევრი დაწერესს,

მათ ღამეები არ უძინიათ,
რათა მიეღოთ
მოხატული გუმბათები იტალიაში,
რენესანსში დასარწმუნებლად,

დასარწმუნებლად,
რომ ეს დროც იყო,
რომ, ეს ეპოქაც არსებობდა
ჩემს გაჩენამდე,

მათ მოიგონეს ფირიც
და ფოტოც,
ხარისხიანი განათების დამსახურებით
ძველ სპორტ დარბაზში გაფაიღეს
მსოფლიო ომი,
მერე, შეცვალეს ანტურაჟი,
და ჩაანაცვლეს,
მთვარის და დროშის დეკორაციით,

მათ მოიფიქრეს თეორიებიც
მეცნიერებიც,
მეცნიერებაც
და ხელით წერეს მთეელი სცენარი,
და ახლა უნდათ 
ამ იაფფასიანი სისულელის მჯეროდეს,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი