ხარ საქართველო...
ხარ საქართველო... მადლით განგების, რაც გაქვს, - მარტოდენ შენი განძია... შენს სიყვარულში დავიდაგები და მეყოლება მოწმედ ვარძია. ხარ საქართველო... დედა რუსთველის, მეფე თამარიც შენი შვილია, ამქვეყნად ყველა შინმოუსვლელი შენს სიყვარულში დაფერფლილია. მინდა მნათობმა გზა გამინათოს, აქ სულ პატარა ცრემლიც ჩემია, მეძვირფასები, როგორც იყალთო, როგორც გელათის აკადემია. შენ რომ არ იყო, დედამიწაზე არ ექნებოდა სიცოცხლეს ფასი... და რა დღიდანაც გულით გიწამე, ჩემთვის იმ დღიდან გახდი ძვირფასი. რუსთაველიდან მოყოლებული კვლავ იწოდები მგოსანთ საუფლოდ, ,,ვეფხისტყაოსნის“ წიგნით ქებული შოთაის ენით ღმერთთან საუბრობ. მე ვინ ვარ, მაგრამ მსურს ჩემიც გწამდეს, მინდა კოცნებით კალთა აგივსო, ჩემს პოეზიას, - ვითარცა ანდერძს, შენვე გიტოვებ სამარადისოდ. ოთარ რურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი