0 1 12
შეწირულთათვის
ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი
ჩვენია, განა სხვისია!
საქართველოა გარეჯი,
ქართველთა ჯილაგისია!
ისევ მღერიან „ჩაკრულოს“,
ფოლკლორი ჩვენი განძია,
ბედნიერ მერმისს ნატრულობს
თვით სულხან-საბას ტანძია.
მინდა მგოსნებმაც შემინდონ,
თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე,
ლოცვებში მოვიხსენიოთ
თაყაიშვილი ექვთიმე.
ვკითხულობ იმათ ცხოვრებას,
ვინც იყო ქვეყნის სინდისი...
ერს მუდამ ემახსოვრება:
ცხრა აპრილი და შინდისი.
მეც მტკივა ბერი თევდორე,-
დუშმანმა ხმლით რომ აკუწა...
ვარ იმის თანამედროვე,
ვინც დააფასა ქაქუცა.
ქვეყნად ყველაზე მთავარი
სამშობლოს სამსახურია,
დავითიც მიყვარს, თამარიც,
კოსტავაც, გამსახურდიაც.
მაოცებს ცოტნეს გმირობა,
ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს,
ვუქებ მამულიშვილობას
ცხრა ძმას და სამას არაგველს.
აწ ქეთევანიც ვახსენოთ,-
მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის...
ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ,
ამ მიწის სიყვარულისთვის.
ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს
წყალობას შევსთხოვ ქართველი,
ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს
რომ არ ჩამიქრეს სანთელი.
ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში,
თუმც ყველა ვერ ჩავატიე,
შეწირულთათვის ტაძარში
მე ღამეები ვათიე.
ოთარ რურუა