ვიდრე ვცოცხლობ დედისერთა
დაძინება მინდოდა და გაღვიძება არ მინდოდა, რას ვიფიქრებდი თუ დედა ღმერთთან ადრე წავიდოდა. როს წამიყვანს ღმერთი, მინდა დედას იქაც შემახვედროს, სიყვარულის ცეცხლი წმინდა მწვავდეს, როგორც მწვავდა ერთ დროს. სულ უქებდნენ გამზრდელს ჩემს თავს თვალჟუჟუნა გოგონები, ვიდრე ვცოცხლობ დედისერთა, გულს ვიჯერებ მოგონებით: მაგონდება სიყმაწვილე, ვწერ და ვთვრები ზედაშეთი, სითბოს ვეღარ მინაწილებს მშვენიერი დედაჩემი. მიცოცხლდება თვალწინ კადრი, დედის მკერდზე თავი მედო, მარადისობაში არის პიროვნება საიმედო. როს აკვანში ვიწექ, დედა მიმღეროდა იავნანას, გულზე დღემდე მაწევს სევდა, ვერაფერი შველის ამას. დაძინება მინდოდა და გაღვიძება არ მინდოდა, ვერ წარმოვიდგენდი დედა თუკი ადრე წავიდოდა... რომ მოვხვდები ცაში, მჯერა: იქაც ვნახავ დედის თვალებს, დედასავით მე ამქვეყნად ვეღარავინ შემიყვარებს. რომც მიშვილოს მე სხვა ქალმა და ჩამიკრას მკერდში ნებით, ვერ შემიცვლის მშობელ დედას, გაზრდილს დედის ძუძუებით. სულ უქებდნენ გამზრდელს ჩემს თავს თვალჟუჟუნა გოგონები, ვიდრე ვცოცხლობ დედისერთა, გულს ვიჯერებ მოგონებით. ოთარ რურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი