0 0 8
მოვკვდები, დამიტირებენ...
ვცოცხლობ... სურათებს მიღებენ,
ხან მიწას ვეალერსები,
მოვკვდები, დამიტირებენ
ჩემი გულწრფელი ლექსები.
ვსვამ სამშობლოში ზედაშეს, -
რიგითი ჭირისუფალი,
მჯერა: შევხვდები დედაჩემს,
როცა წამიყვანს უფალი.
მე ღმერთად ქრისტე ვიწამე,
სულ მაქვს იესოს იმედი,
რა დამავიწყებს იმ წამებს,
ტაძრამდე რწმენით მივედი.
მიწა ვიწამე სიცოცხლედ, -
ვაჟას ცრემლებით ნამული...
,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!“ -
მარად მიმყოფე მამული!
ვცოცხლობ... სურათებს მიღებენ,
ჩვენს დროს ფეხდაფეხ მოვყვები,
მოვკვდები, დამიტირებენ
ჩემი ალალი მოყვრები.