მე ეს თვალები სადღაც მინახავს


მე ეს თვალები სადღაც მინახავს,
არ მავიწყდება ერთხელ ნახული,
ნეტავ ასეთი რა ხარ, ვინა ხარ,
მაოცებ, როგორც ოშკი, ხახული.

შენი თვალები ისე მიზიდავს,
ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი...
არსად წახვიდე შენი მიწიდან,
თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.

მინდა მწედ ჰყავდე ამ საქართველოს
და უერთგულო კუბოს კარამდის,
ერს წარმოადგენ, ვიდრე ჯანმრთელობ,
ერს - თვით ,,ვეფხვის და მოყმის ბალადის“.

მე ეს თვალები სადღაც მინახავს,
არ მავიწყდება უკვე ნახული,
სხვა გოგონებზე ბევრად წინა ხარ,
მანცვიფრებ, როგორც ოშკი, ხახული.

შენი თვალები ისე მიზიდავს,
ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი...
არსად წახვიდე შენი მიწიდან,
თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.

მუდამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები,
მინდა კოცნებით კალთა აგივსო...
წმინდა ქართულ გზას თუკი მიჰყვები,
ჩვენში დარჩები სამარადისოდ!


ოთარ რურუა

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი