ფიცი
ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას, დიდგორს, შამქორს და ბასიანს, ცრემლშეუშრობელ რიწას. მანდილს - ქართველი ქალისას, სიყვარულივით წმინდას, გოგლას უმწიკვლო მარიტას, ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას. ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს, ნაციონალურ ცეკვებს, ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს, ალგეთში დაზრდილ ლეკვებს, რომ სანთელივით იწვის მკერდქვეშ მართალი გული, ესმის ყივილი მიწის, უსმენს სულგანაბული. გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ მე ცხრა აპრილის გმირებს, დედას, რომელიც ურწევს აკვანს პატარა შვილებს. ვფიცავ, სიმღერას გედის, დედის სამარეს წმინდას, ღუღუნს მშვიდობის მტრედის, გრემს, გელათს, ნიკორწმინდას, რომ უთქმელადაც მიყვარს ყველა მამულიშვილი, აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ მიადგება ჩრდილი. ოთარ რურუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი