მჭირს სიყვარული განუკურნელი


ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი -
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატიონთა სამფლობელოსი.

დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები,
თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი,
თითქოს ყველა დღე არის ზმანების,
სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით

როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში
და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი,
ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში
და მიხარია რომ ვარ ქართველი.

ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული,
იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით,
შეინარჩუნეს ენა ქართული
ფერეიდნელი ქართველებივით.

მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი,
ცხადად ვიხილო ყველა ზმანება,
ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი,
იარები მაქვს სულში ბზარებად.

ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი -
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.

თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები,
დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს,
გულით მიქებენ ლამაზმანები
დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.

დედამ ფიალა ღვინით ამივსო,
მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული,
ჩემი ფესვები სამარადისოდ
ამ მიწაშია დამარჯნებული.

ოთარ რურუა

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი