სატრფიალო


ბევრი გოგონა დავკოცნე,
ბევრმაც დამკოცნა ჟინითა,
ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე
ჩერქეზის ისარივითა.

ისევ ამოდის ჩვენი მზე
ამ ქვეყნის ცაზე დილითა,
როცა თვალებში მე გიმზერ,
შენ მორცხვობ ყვავილივითა.

შენია ჩემი სამყარო,
მეც ვიწვი სანთელივითა,
მოვკვდები, მსურს: დამაყარო
გულმკერდზე მიწა... ღვინითა

მითხარი შესანდობარი,
მახსენე ენით ტკბილითა...
და არ მოიკლა გთხოვ: თავი
აკაკის  გამზრდელივითა.

ბევრი გოგონა დავკოცნე,
ბევრმაც დამკოცნა ჟინითა,
ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე
ჩერქეზის ისარივითა.

ვიდრე ჩვენი მზეც ამოდის
სამშობლოს ცაზე დილითა,
ყვავილს გადარებ სამოთხის,
მორცხვობ იმ ყვავილივითა.

ცის ვარსკვლავივით კაშკაშებ,
ხარობ მოყვასის ლხინითა,
სუნთქვას გვიჩერებ ვაჟკაცებს,
გვჭირდები ჰაერივითა.

საამო სამზერ მაგ სახეს
ნუ შეიღებავ ინითა,
როს ვესტუმრები საწნახელს,
დაგლოცავ თეთრი ღვინითა.

მე ცუდს არაფერს არა გთხოვ,
დამატკბე ბადაგივითა,
,,შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა-ძილითა“.

ოთარ რურუა

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი