კრედო


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2026

კრედო 

პოეზიის მთარგმნელი,
ძალით მთავარანგელის,
ჯიქზე უფრო ჯიუტი,
ღარიბული იურტით,

ბრბოსგან დაწუნებული,
ღმერთში დარწმუნებული,
მოზიზღარი პირუტყვის
ყოველგვარი სიმურტლის,

მყვარებელი სიმართლის
და ღვთიური სინათლის,
ვიწრო გზების მძებნელი,
უარმყოფი მზებნელის,

წევრი მცირე სამწყსოსი,
სულთა ამწონ-დამწონი,
მათი ნამოქმედარით;
არაქვეგამხედვარი,

მუდამ არგამყიდველი
სულის მირონ-დინდგელის,
მომუშაკე ჭივჭავი,
ჰანგით მოუყირჭავი.

ყურთასმენის მნუსხავი,
განძით აღუნუსხავით,
მიმდევარი უმრწემსი,
მეჭურჭლეთუხუცესის,

პოეზიის ნექტარით
ბედნიერი, ნეტარი,
მეხოტბე ასერგასის;
მფრენი აზრის პეგასით.

25 მარტი, 2026 წ.


ასერგასი - ასორმოცდაათი, დავითის ფსალმუნთა რიცხვი
მეჭურჭლეთუხუცესი - შოთა რუსთაველის თანამდებობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი