იწელება ფაჩიკოს...


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2026

იწელება ფაჩიკოს... 

„ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათეს სახარება 7, 14)

იწელება ფაჩიკოს...

იწელება ფაჩიკოს
ძველისძველი გარმონი,
ბელიარს სურს გაჩხრიკოს
შეგირდები მამონის;

ვინ რამდენი იშოვა,
უტიფარი ხამობით,
რამდენია „დიშოვკა“,
სულის მუქთად დამთმობი,

გამცემელი უფლისა,
შემნდობელი ბარაბის
და რამდენმა უღირსმა
შეიმოსა ზარბაბი,

რამდენია ეშმაკით
წაბილწული გონებით,
რამდენი გმობს ჭეშმარიტს
საშოვნელად ქონების.

იწონება წინდაწინ
საზვერეთა ცოდვები,
შეცდომები წმინდანის,
უწმინდურის ბოდვები

და ყოველი განზრახვა
გულში ღრმად ჩანადები,
სხვისი კიცხვა, დაძრახვა,
გაზრდა თანანადების,

იწონება პინაზე
პირუთვნელი სასწორის,
სიტლანქე, თუ სინაზე,
ნაკლი გამოსასწორი,

ვერასოდეს ცხონდება
ულმობელი, სასტიკი
და მოჰყვება გოდებას
საღვთო კრავთან ზატიკის.

იწელება ფაჩიკოს
ძველისძველი საკრავი,
თქვენ რა გინდათ არჩიოთ,
ვიწრო გზა, თუ სახრავი?!...

6 ნოემბერი, 2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი