და აი დღესაც...
და აი დღესაც, დავგმე სიდიადე ერთფეროვნების, საზღვრებსაც ვცდები შეგნებულად, ხან უნებლიედ, მელანქოლია არ მეშვება, კვლავაც თან დამსდევს, ღამე წააგავს ჩაპლინისებრ, უტყვ კომედიებს და სწორედ ამ დროს, როცა ტრაგიზმს სითბო ერევა და რეალობა გესახება, როგორც სიზმრები, დაუფიქრდები, რომ ისა ხარ ვინც განა მასას, არამედ ხშირად თავს საკუთარს აღარ ჭირდები. დაჯდები მარტოდ, გულმოკლული, უხასიათოდ, ცდილობ გაექცე რეალობას, სადაც "იგი" ხარ, ბრბოს ვეღარ ხედავ, მათზე წინ ხარ ნაბიჯ-ნახევრით, სიარულს არ წყვეტ, კვლავ ამაყად, სწრაფად მიდიხარ და მიუყვები გზას, რომელსაც არსად მიყავხარ, ანდაც მიყავდე, შენ - უეცრად მაინც ჩერდები, ჩერდები, რადგან აღარ გძალუძს, უკვე სულში გაქვს ის ბრბო, რომელთაც მწყერთა ნაცვლად შიათ მტრედები და კვლავაც რჩები, ყველა გეგმა წყალში ჩაყარე, ვერც წინ მიიწევ და დაგღალა ამდენ ლოდინმაც... შენი მიზნები, შენს უნებურ შიშს ანაცვალე და კვლავაც ფიქრობ, რომ სიმშვიდეს ქარი მოგიტანს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი