ანამარია ერქვა სახელად...
ანამარია ერქვა სახელად, თუ სწორად მახსოვს, მწვანეთვალება გოგო იყო, ცელქი, თავნება, ღიმილი ჰქონდა ისეთი, რომ არ გატყუებთ და ერთი შეხედვაც კი კმაროდა შესაყვარებლად... უყვარდა ღამით სეირნობა მარტოს ქუჩაში, უბნის ბავშვებში განუწყვეტლივ იყო დაობა, თუ ვინ უყვარდა, ვის უყვარდა, თვითონ ამაზე არასოდეს და არავისთან ლაპარაკობდა... და-ძმა არ ჰყავდა, ან არ ვიცი, მე არ მენახა არასდროს, რადგან არ მიყვარდა გავლა მის სახლთან, ანგელოზივით გოგო იყო, თუმცა სახლ-კარი მისი სამოთხეს ოდნავადაც კი არ მიჰგავდა... დედას ოჯახი დიდი ხნის წინ მიუტოვია, სხვას გაჰყოლია და წასულა შორს, ევროპაში, მამამისი კი ლოთი იყო - ზურა ბიძია, ღამით რამდენჯერ წამიღია ბარიდან სახლში... წლები გავიდა, ზურა ძია გარდაიცვალა, უყვარდა ძლიერ მამამისი ანამარიას, თუმცა არ ვიცი ასე მშვიდად როგორ იტანდა მამის სიმთვრალეს გამუდმებით, ქცევას - შარიანს... დრო გადიოდა ძალზედ სწრაფად, უბნის ანგელოზს ძლიერ დაეტყო წლების გასვლა, უკვე დაქალდა... ათასი ჭორი დადიოდა მასზე ქალაქში, კარგს კი არავინ არ ამბობდა, მახსოვს არადა როგორ გვიყვარდა ზაფხულობით ერთად თამაში და ღამის ცაზე ვარსკვლაბის ხმამაღლა დათვლა... ახლა კი მისი თვალებიდან არ ჩანს ბავშვობა, მიკვირს, ასე ცვლის დროის გასვლა ყველაფერს, მართლა ყოველდღე ვხედავ ახალ-ახალ ყმაწვილებთან და დღითიდღე ჩაცმას გამომწვევად უფრო უმატებს, თუმც ყოველ ღამით დაინახავთ მამის საფლავთან, ქურთუკის ჯიბით კი ატარებს დედის სურათებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი