"Love Story"


მე საუცხოოდ მახსოვს შენ კი ალბათ - ბუნდოვნად,
წვიმდა ქალაქში, თუმც ღრუბელი არ ჩანდა ცაზე,
ყველაფერი კი - ყველაფერი დაიწყო იმით, 
რომ მაშინ, ღამით, ყველაფერი დაიწყო ასე...

ასე და ანუ გაგრძელება სათქმელად რთული
გამოდგა, თანაც მოსაყოლად ალბათ აღარც ღირს,
შემიყვარდა და სულ ეგ იყო,
ხოლო დანარჩენს ვერ ვხედავდი და არ ვუსმენდი ქვეყნად არავის...

ძნელია ასე ისაუბრო,
თან მაშინ, როცა
არც იცი ზუსტად სასაუბრო საერთოდ რა გაქვს,
ვწერდი და ვწერ ამ უსახელო ისტორიაზე,
თუმცა მგონია ეს ლექსებიც უკვე აზრს კარგავს...

რამდენი რამე მახსენდება 
ცუდად და კარგად,
რადგან დავიწყე, მგონი არ ღირს დასაზარებლად
და ვიტყვი აქვე, არასოდეს მჯეროდა მართლაც
ერთი დანახვა თუ კმაროდა შესაყვარებლად... 

ყოველი წამი, წუთი მახსოვს დაუვიწყებლად,
ახლა ვიხსენებ, რამდენი რამ ამიტანია...
თუმც გეფიცები, ამ ყველაფრის მიუხედავად,
რომ შემიყვარდი
არასოდეს არ მინანია...

მე - სულელი და ალბათ უფრო შეყვარებული,
დაღლილი ჩემი უსაშველო სიმარტოვეთი
გივიწყებდი, თუმც არასოდეს 
წარმომედგინა -
ჩემს ლექსებს თუკი 
ჩემზე მეტად ეყვარებოდი...

ახლა სიტყვები მახსენდება, დღემდე მალული,
ერთმანეთთან რომ ამდენი ხნის მანძილზე ვერ ვთქვით...
თუმც გეფიცები,
გეფიცები აგეტირება, 
როცა ქუჩაში უცნობივით ჩაგივლი გვერდით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი