ვინ(ც) ვარ მე
სინამდვილეში ვინ ვარ მე. ... ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ. დავიბადე 1986წ. (როგორმე). მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, პოლიციელი და მსახიობი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი _ ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ვერცერთი. დღეს მე მშობლისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – მშვილდოსანი, დედამიწისთვის – ზედმეტი 89 კგ. და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი. პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე. ვარ "ფასიანი" – ბანკებისთვის, "ყველაფერი" – რამდენიმე ადამიანისთვის და "არაფერი" – უფრო მეტი ადამიანისათვის. ვწერ და მეწერება, როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ, როცა არ ვწერ. ჯერჯერობით ვარ – დასაქმებული და ვყავარ ცოლს. როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები – ნერვიულობისგან. ხშირად მომდის მუზა და იშვიათად – “მესიჯები”. ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო! მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, "რას შვრები, რავა/როგორა ხარ?", "რა არის შენსკენ ახალი?" და "სხვა?"- ს გარდა ყველაფერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი