წაკითხვისთანავე დაწვი!


უნდა შეაგროვო ყველა წერილი და დაახარისხო. 
დაალაგე  კარადაში,  რომელიც დაობებული და დაობლებულია. მიყევი იმ წერილიდან რომელიც ხარისხის მიხედვით ზრდადია,  მაგ: ჯერ ის წერილი,  რომელშიც გეწერა,  თუ საიდან იწყება სიყვარული,  რომ თურმე თვალის ორგანოდან გულის მოულოდნელ დარტყმას სიყვარული ჰქვია და თავში მოაქციე ის წერილი,  სადაც წერია - ორი წუთიც და...  თვალებს დავითხრიო. 
 დაალაგე სიცოცხლეარეულმა! 
წერილებში შიგადაშიგ იკითხება გატეხილი გრძნობა,  სადაც ერთგან წერ - ნურავის ეტყვი "ჩემო სიცოცხლე",  რომ ის მხოლოდ თავისსას კი არადა,  შენს სიცოცხლესაც გაიყოლებს! 
დაალაგე სიცოცხლედარეულმა! 
გადახედე ფანჯრიდან,  ქუჩებს ღმერთის ცრემლები რწყავს - საშინლად წვიმს. ხედავ ხალხს მრავლობითში და გრძნობ ტკივილს მხოლობითში,  სიცოცხლეარეულო კაცო,  შენ! 
შენ ყველაფერი მოიკალი: წყურვილიც,  სურვილიც,  ჟინიც,  წადილიც,  მაგრამ თავი - ვერ.  იმიტომ,  რომ ვერ ტოვებ წერილებს ასე. 
ჰოდა დაალაგე,  სიცოცხლეარეულმა! 
მოდი,  ეს ერთხელაც გადაავლე თვალი,  წაკითხვისთანავე დაწვი,  ფერფლი მიაყარე ძველ კარადას და გააღე ფანჯარა. 
გააღე ფანჯარა და ნახე,  როგორ გგლოვობს ღმერთი! 
შეუერთდი! 
გადადი ფანჯრიდან! 
დალაგდი! 
სიცოცხლეარეულო კაცო,  შენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი