გადავდოთ დაბადებები!
(ეძღვნება, გარდაცვლილ ლუკა სირაძეს). მე მასწავლებელი ვარ და მე უნდა გასწავლო ხედვა, ფრენა, ხატვა და კიდევ ვინ იცის, რამდენი რამ, მაგრამ ჯერ უნდა დავთვალო! ცხრამდე კი არადა ათამდე კი არადა, ცხრამეტამდე ან უფრო მეტიც. მე ჩემს კრედიტებს კი არადა კრედიტქულებს ვითვლი და სანამ მე ამით დავკავებულვარ, შენ ხედვის ნაცვლად - გადაგიხედავს, ფრენის ნაცვლად - გადაფრენილხარ და ხატვის ნაცვლად დაგიწერია სკოლის კედლებზე ყელში ამოსული ცხოვრება. მე მასწავლებელი ვარ და ვერ გასწავლე, რომ მიწის ზედაპირზე უფრო მეტი საფლავია ვიდრე, ზედაპირიდან ორი მეტრის ქვეშ. მე მასწავლებელი ვარ და ვერ გითხარი, რომ არ უნდა შეიგინო და ცხოვრებას რომ დედას შეაგინებ, იქ უკვე ზედმეტი ხარ. დაბადება უნდა გადავდოთ. აღარ უნდა იყოს დაბადებები! დაბადებები უნდა გადაიდოს უვადოდ. მე მასწავლებელი ვარ და უნდა გავასამართლო სამყარო ღმერთთან. მივიტან სარჩელს და მოვითხოვ, რომ გადაიდოს დაბადებები. პროტესტს გამოვაცხადებ ღმერთის კართან! მე ვარ მასწავლებელი ღვთის კართან და მესმის კლასის ცარიელი მერხიდან ხმა: "ღმერთო დაფასთან გამომიძახე, დედამიწის ამბები უნდა მოგიყვე" - ეს თხუთმეტი წლის ბიჭის ხმაა. თუ ესაა მხოლოდ აქ ყოფნის მისია, მოდი, გადავდოთ დაბადებები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი