მკვდარი თევზები
ქარი ქრის და სათევზაოდ უნდა წავიდე. ქარი ქრის და ტყუილი რომ არ წამომცდეს, როგორც ცრემლები თვალებიდან, ხმას ვიკმენდ. ახლა როცა ტირიფმა თმები აიჩეჩა, არაფერი არ მაქვს ქარზე გასატანებელიც კი, რადგან არც რამე მოუტანია ქარს. ამ ქარში ხელისგულისოდენა მდელო უარს ეუბნება პეპელას დაჯდომაზე - იცის რომ ავარიული დაჯდომა მოუწევს და გაყვა პეპელამაც ქარს ქარდაქარ. მე ბადეს მოვიმარჯვებ და წავალ სათევზაოდ ქარში, ზღვაში და მაშინ გადმომცრემლდები. არ დააბრალო ეს არც ქარს და არც ხახვის დაჭრას.გავიქნევ ბადეს წყალში და ამოვყრი მკვდარი თევზებივით ლექსებს, პატარა ლიფსიტისხელა რითმებს და ორაგულისხელა ერთგულ სტროფებს. დღეს თევზებს ვერ მოგიტან დედა. დავბრუნდები ხელცარიელი, როგორც მათხოვრის ხელი. მერე აიღე ამ უბედური მებადურის შარვალი და მიეცი ვინმეს ორ ლარად, ან ერთ თავ ხახვში გადაუცვალე, რომ კი არ ვჭამო და, მაინტერესებს როგორ ამაცრემლებს. ან ეგ შარვალი გადაუცვალე ვინმეს პურში და იდოს მაგიდაზე დიდხანს, სანამ არ გავძღებით ყურებით. გუშინაც ვჭამე პური თვალებით და ძალიან გემრიელი იყო. დედა, პურმაც იცის აცრემლება და უპურობამაც. აიღე ჩემი მუხლებდახვრეტილი შარვალი და გაეცი ვინმეს, - ხელებს მაინც გაითბობენ ჯიბეში. როცა ხელს ჩაყობენ ჯიბეში, ფრჩხილებში ჩარჩებათ იმ ბეტონის კენჭები, რომელიც მე ამქონდა მეცხრე სართულზე კი არადა, ღმერთამდე, ერთი პურის სანაცვლოდ. მერე დავლიოთ ცხელი ჩაი. შემოვიდგათ ჩაიდანი გულზე და ავადუღოთ. ბეტონის კენჭები ჩავყაროთ ჩაის ჭიქებში და გავლესოთ. მივაყოლოთ არარსებულ პურზე ფიქრი და დავნაყრდეთ. მაძღარს არაფერი მაქვს საფიქრალი, გარდა უარაფრობისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი