ჩვენ როცა
ჩვენ, როცა ღმერთი გვაჯერებდა სიყვარულში, ერთხელაც ავდექით და გამოვიჭირეთ, რომ ფუჭია ეს დაჯერება და არსად არაა სიყვარული. ალიბი მოვთხოვეთ და ვერ გამოაჩინა. გამოჩნდიო და ვერ გამოჩნდა. ჰოდა ასე ამპარტავნულად ავიღეთ თავი და გავაგრძელეთ მე და შენ გზა იმისთვის, რომ სადმე ფეხი გამოგვედო სიყვარულისათვის და წავქცეულიყავით. თან ისე, რომ სანამ არ ვიწამებდით და ვეწამებოდით სიყვარულისათვის, - არ წამოვმდგარიყავით... მერე შემოდგომამ მოგვისწრო და ეს იყო დაავადება, რომელიც იწვევდა ზამთარს. იწვევდა გარდაცვალებასავით და იწვევდა საბრძოლველად. ჩვენ კიდე იმისა გვჯეროდა, რომ არსად არ იყო სიყვარული. ამასობაში გამოვარდნენ ფილოლოგები და გაასწორეთ წინადადება ასეო, - "თქვენ გჯეროდათ უსიყვარულობისაო". რა საჭიროა მოჩვენებები, დაბრმავებები, თვალის ახვევები... ჰო მართლა, დაბრმავებაო და, რა საჭიროა ბრმა ნაწლავი, როცა არაფერს არ აკეთებს და უნდა ათრიო სანამ ცოცხალი ხარ. მერე ოთხი კაცი წაიღებს და ბოლოს, მიწა მიიბარებს. ჩვენ იმ დონეზე ვრწმუნდებოდით უსიყვარულობაში, რომ უსიყვარულობისაც აღარ გვჯეროდა და აი ეს იყო სიყვარულის ალიბი. მერე დედამიწა - სიგარეტის საფერფლესავით ნაწამები ადგილი თოვლმა აავსო თავისი ფერფლით და შეგვცივდა. სანამ თბილად ვიყავით უსიყვარულობის გვჯეროდა, ჰოდა მერე შეგვცივდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი