ვერნახული
მეყვავილეს რომ გაუხარდება გაზაფხულის მოსვლა, ისე მიხარია წიგნის იმ გვერდზე გადაშლა, სადაც წერიხარ. ჩავალ გვერდის ბოლოში და ვეძებ სქოლიოს, რომელიც არ გააჩნია გვერდს. მრჩები მათემატიკური უცნობივით. ვიცი, რომ აქ ხარ, სადღაც, ამ გვერდზე და არ ხარ. ხარ და არ ხარ. გადავშლი ხანდახან და გკარგავ თანდათან. ერთ დღესაც სხვა გვერდზე რომ არ გადასულიყავი, ფურცელი კი არ ამოვხიე და, წინდისჩხირი კი არ ჩავდე სანიშნოდ და, კალმით კი არ მოგნიშნე და ფურცლის ბოლო ჩავკეცე, როგორც ქაღალდის თვითმფრინავს ვაკეთებდი ნახევრად - ბავშვობაში. ისე ჩავკეცე, რომ არც სხვა გვერდზე გადასულიყავი და არც წიგნიდან გამქცეოდი, მაგრამ ერთ დღესაც არ ვიცი რა მოხდა, რამდენჯერ არ გადავიკითხე წიგნი და არსად იყავი. ყველა გვერდზე შენი თითების სუნი იყო. დავიწყე "იყო და არა იყო"-თი და დავამთავრე "ჭირი იქა, ლხინი აქა"-თი, მაგრამ არ ხარ არსად. ვიცოდი, რომ ვერსად გაიქცეოდი - წიგნი სქელყდიანია. არ შეგიძლია შენ იმ ყდის წამოწევა და იქედან გამოპარვა, არც ის შეგიძლია, რომ ფურცლებს შორის გამოსცრა და გამოხვიდე. ჰოდა ვიცი, რომ აქ ხარ. ყველა წასაკითხ გვერდს მაგრად დავაჭერ ხელს, რომ არ გაფრინდე და დანარჩენს ისე წავიკითხავ. სარჩევამდეც მივედი. დავიღალე. დიდი გზა გამოვიარე და სარჩევის თავში ჩამოვჯექი წყლის დასალევად. გადმოვხედე სარჩევს. სარჩევი კი არა ციცაბო კლდეა, მაგრამ მაინც უნდა ჩამოვიდე და გიპოვო სადმე, თუ ფეხი არ დამიცდა მრავალწერტილებზე, რომლის გასწვრივ რიცხვები წერია. ვიღაცა იტყვის რომ ეს გვერდების ნუმერაციაა, მაგრამ არა, ეს მანძილია ცის დონიდან ქვევით. რაც უფრო მიდიხარ ქვევით, მით უფრო მეტი შანსია უფსკრულის ფსკერზე დანარცხების. ღმერთს მადლობა! - მაინც ამ შეწეულ-გამოწეულ სათაურებზე ფეხს მოიკიდებს კაცი. შემხვდებოდე მაინც! გადავეშვი. ციბრუტივით ჩავგორდი ამ ფრიალოზე და ვერსად მოგკარი თვალი. ასე დავშორდი ცასა და ღმერთს, ცასა და ცის დონეს. ჰოდა გნახე, მაგრამ ვერსად. კარებივით დავხურე წიგნის ბოლო გვერდიც და ყდით ჩავრაზე. ჩავიქნიე ხელი მაგრამ, ისე მქონდა ხელი ჩამორტყმული გამოწეულ სათაურზე, რომ ახლა ვიგრძენი - ხელის ჩაქნევისას - მომაკვდინებელი ტკივილი. ავდექი და დიდი მოკრძალებითა და რუდუნებით დავხიე წიგნი. ასე გავანადგურე. მერე გავიტანე სახლის უკან, ეს ნაწიგნარი ფურცლები და კლდეზე გადავყარე. სათაურებმა დაგორდა კლდეზე და გული ვიჯერე. წამოვედი შინ და უფურცლოდ დარჩენილ ყდას ჩემი პიჯაკი მოვახურე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი