"ჯანმრთელობა! "
ფეხი ავიდგი და ჯანმრთელობა მისურვეს. ფეხის ადგმამდე იყო ტაატი, იქამდე - დაბადება. ახლა ვწევარ აქ. აქამდე იყო emergency, ცოტა ადრე - აორტაში დანის გატარება. საინტერესოა! - ტვინი მუშაობს, გული - ხშირი ფეთქვით. ტვინია ერთადერთი ორგანო, რომელმაც თავის თავს დაარქვა სახელი. ჩვენ სხვამ დაგვარქვა სახელი და ჯანმრთელობა გვისურვა. ღრუბლის ნაგლეჯს რომ გააპობს მზის სხივი და სჭვივის წვეთ-წვეთად შუქი, ისეა ახლა ჩემი აორტა და შუქი კი არა, სისხლი მდის. ასეთ დროს არ შეიძლება ცხვირის დაცემინება. ცხვირის დაცემინება უმართავია. არ იცი რა დროს შეგახსენებს თავს. დადებითი ის აქვს, რომ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უნდა გისურვოს გვერდითმყოფმა, ზრდილობის ნიშნად. საოპერაციოში შესვლისთანავე გადარჩენა და ჯანმრთელობა უსურვებიათ ჩემთვის, გაცილებით ადრე, - დაბადებისას. ახლა რომ ცხვირი დავაცემინო აქაური მედიკამენტების სუნზე, აუცილებლად მეტყვის ექთანი "ჯანმრთელობას". აი ეს დაცემინებაა რაცაა, რაც დააჩქარებს აორტიდან სისხლის დაცლას. ორი წამიც და ტუუუუუუუუუუუუუუუ, ტუუუუუუუუუუუუუ... ასე ვწევარ ახლა ბნელში ცხვირდაცემინებული და ექთნისგან ჯანმრთელობანასურვები. იქამდე იყო მესაფლავე, უფრო ადრე იყო გლოვა, გაცილებით ადრე - ჯანმრთელობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი