ტყუილი
ზაფხულში ივლისის მზე გვწვავდა. ბავშვები შევიკრიბებოდით გოჩას ეზოში და რაზე აღარ ვლაპარაკობდით. გოჩას ეზოს იმ პრინციპით ვარჩევდით, რომ დიდი ტრიალი მინდორი იყო. ჰოდა წამოვწვებოდით თეძოზე კაკლის ძირში და თავზეხელშემოდგმულები ვუსმენდით ერთმანეთს. ხანდახან ფეხმორთხმულებიც ვიჯექით. ვლაპარაკობდით ყველაფერზე, რაზეც 13-14 წლის ასაკში ლაპარაკობენ ბიჭები, მაგრამ ყველა საუბარი მაინც ერთ თემაზე ჩერდებოდა. - ისე გაავებულა და გაცოფებულა თინას ბაღჩაში გველი, ღობის ჭიშკარზე გაწოლილა და თვითონ თინასაც აღარ უშვებს ბოსტანშიო. - ეგ კი არა, რაც თინამ იმ გველს წიწილი მოუკლა ღამე სულ ეგ ელანდებაო. - კი, მართალია, თინას ნალიის ბოძს შემოხვეოდა და ისე ეძინაო ესაო, ისაო და რას არ ჰყვებოდნენ. ბოლოს მეც დავამატე, რომ რაც მარწყვი მოსულა თინას ერთიცალიც არ მოუწყვეტია და არ უხილია-მეთქი. დიდი მითქმა-მოთქმა იყო სოფელში თინას შვილმკვდარ გველზე. გადმოდგებოდა ბოსტანში და დაიწყებდა - ვაიმეეეე, ვაიმე, ვაიმე! ეს რამხელაა, ეს საჯოჯოხეთე! რა მეშველება და სხვა. ჩვენ მიჩვეული ვიყავით თინას ემოციებს, თუმცა გავიქცეოდით უფროსებთან, რომ ვინმე მიშველებოდა თინას. მაინცდამაინც არავინ იკლავდა თინაზე მიშველებით თავს. ყოველთვის, მარწყვი როცა მწიფობას დაიწყებდა, მაშინ ჩნდებოდა ეს ქვეწარმავალი და მარწყვი რომ მიილეოდა ქრებოდა. არავის არ დაგვინახავს, მაგრამ ისეთი საზიზღარი ყოფილა და იმხელა შხამი ჰქონია... ასე შიშში ვატარებდით მარწყვობისთვეს. არადა, ყველას ძალიან გვინდოდა მარწყვის ჭამა, მაგრამ რას მიახდენდი გველს?! თინა უშვილო ქალი იყო. ქვრივობაში გაატარა მისი ცხოვრება. - კი გაჭმევდითო მარწყვსო, მაგრამო, აბა როგორო?! გადამიდგა წინ ჭიშკართან და არ მიშვებსო, და ისე დაბერავდა თვალებს, ჩვენც რა გვეთქმოდა და თავს ვხრიდით. თინას ბოსტნის გველი სინამდვილეში არავის არ ენახა, არც თვითონ თინას, მაგრამ ასე რომ არ მოქცეულიყო, მარწყვი გაუნადგურდებოდა ქვრივ თინას. ახლა ვხვდები, რატომ არ იკლავდნენ თავს ჩვენი მშობლები თინაზე დახმარებით. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. ახლა ჩავივლი გოჩას ეზოს და იმ კაკლის ჩრდილში ვჯდები, თუმცა ვეღარ ჩრდილავს -ტოტები დახმობია. აღარც თინაა ცოცხალი, აღარც მისი ბოსტნის მარწყვი მწიფდება და აღარც უს გველია სადმე (თუმცა არც არასდროს ყოფილა). ხომ ყველაფერი ტყუილი იყო: ბავშვობაც, კაკლის ჩრდილიც, თინას ბოსტნის გველი, მაგრამ მაინც ლამაზი იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი