სიზმრის კაცი
სიზმრის კაცმა ჩამოიარა ამ დილით. ჩამოიარა და ცარიელი ხურჯინი სოფლის ბოლოში ჩასვლამდე შეავსო. ჩამოიარა და რამდენნაირი სიზმარი არ წაიღო. მოიგდო მხარზე და წაიღო. ააცალა დასრულებულ-დაუსრულებელი სიზმრები ხალხს და წაიღო. რა გარეწარია სიზმრის კაცი! - სიზმრის წყლისთვის მოყოლა და გატანებაც არ აცალა ხალხს. რა გარეწარია, რა! წყალს უფრო მეტად ნდობდა ხალხი, ვიდრე ამ გარეწარს. ეს დრო იყო შარშანაც, როცა ჩამოუარა მალაქიას, წამოაგდო შუა ძილში კაცი, ააცალა სიზმარი და წამოიგდო მხარზე. - მოიცა, შე ჩათლახოო, შე გარეწაროო - უკან მისდევდა მალაქია, მაგრამ ვინ გაუგონა. მოიცა დავასრულო სიზმარიო, კბილი ამოვიღე და არ მინდა ასე დავასრულოო. ვინ გაუგონა ქვრივ-ოხერ მალაქიას. ადგა დილით და მის ბედად წყალიც აღარ მოდიოდა ეზოში, რომ მოეყოლა მისთვის. ჰოდა ამ გარეწარი სიზმრის კაცის ბრალია, მალაქიამ შვილი რომ დაკრძალა შარშან. ისეთ ნოყიერ და ფხვიერ მიწაში დაასაფლავეს, რომ სულ ახალ-ახალ საფლავებს ისხამს. მსუყე და ჯანმრთელ საფლავებს. ... გამოუდგებიან სოფლის დედაბრები და მისდევენ ხელკეტებით სიზმრის კაცს, მაგრამ ვის ესმის მათი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი