მე ის ბიჭი არ ვარ


რაღაც გეშლებათ!
ის ბიჭი - თქვენ რომ მეუბნებით - გამახსენდა, მაგრამ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
მე ის არ ვარ და ნუ მიყურებთ ასე დაჟინებით! 
 ის სხვაა.
ხომ გესმით!
ხომ გაიგეთ!
ის სხვაა, მე - სხვა.  მე ის არ ვარ, ვისაც 15- 20 წლის წინ, გაჰყავდით მთვარიან ღამეში  და უსასრულოდ დადიოდით  ფიქრებში. თქვენც ხომ გახსოვთ ეს!
 მე მახსოვს, მაგრამ მე ის არ ვარ. არც ის ვარ, საღამოობით რომ დაგირეკავდათ და ხმას არ იღებდა - მხოლოდ თქვენს წაკითხულ ლექსებს ისმენდა.  არც ის ვარ, ვინც თქვენზე ფიქრში ათენებდა და გისიზმრებდათ.
ჰოდა, ნუ მიყურებთ, ასე დაჟინებით!
ეს, რომ წაიქცა თქვენი შვილია, ქალბატონო?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი