ორმოცდახუთი წუთი
არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ლალის ასეთ სიტუაციაში. თორმეტი წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობს ამ სკოლაში და მსგავს დღეში არასდროს ყოფილა. ზის ახლა და ამხელა კლასში მზერას აფრქვევს. არაა ასეთ სიჩუმეს მიჩვეული. არც იმასაა ჩვეული, რომ რომელიმე მოსწავლე გამოიჭიროს ან ჩაუსაფრდეს და ამიტომაც კონკრეტულად არავის უსვამს კითხვას. ყველას უყვარდა ლალი მასწავლებელი, ყველა პატივს სცემდა და ახლოს იყო მასთან. მერხებზე რა ნახატს არ წააწყდება მასწავლებლის თვალი. პირველ მერხზე ღრუბლები ხატია, ცა მოწმენდილია. კიდეზე, სადაც „თამო+ნათია=მეგობრებს“ წერია, მზეც ჩანს, მკრთალი მზე. მერხის მოპირდაპირე მხარეს, კიდეში კი შუაზე გადაჭრილი მერცხლის ფრთებია და ისე ოსტატურადაა შესრულებული, ბევრი მხატვარი მოაწერდა ხელს. მეორე მერხზე თითქოს და ამ, წინა მერხის გაგრძელებააო, ან იმ წინა მერხზეა ჩამოჭრილიო, ისეთი ნახატი იყო. აქ უკვე მერცხლები ხატია, ის მერცხლები, რომლებსაც წინა მერხზე ჰქონდათ ფრთები. არა, ისეთი ნამუშევარია, გაგანია გაზაფხულია - ცოტა ღრუბლით, მერცხლებით, მკრთალი მზით... ძალიან მეოცნებეა ამის შემსრულებელი. სულ ოთხი მერხი დგას კლასში. მიდის ლალი მასწავლებელი და დაჟინებით უყურებს მერხებს, მერე ფანჯარაში გახედავს. ალბათ, სურს, რომ ეს ყოველივე წარმოსახვაში გადაიტანოს და მერხებზე დატანილი სილამაზე წარმოიდგინოს, თუმცა ფანჯარაშიც დიდი ვერაფერი ჩანს: ნახევრადმიტოვებული სოფელი, ტყედქცეული სოფელი და ალაგ-ალაგ კვამლამოშვებული სოფელი. ჯანდაბას! არ უყვარს ასეთ რამეებზე ფიქრი ლალის. მითუმეტეს, ატყობს, რომ წელს უფრო მეტად სევდიანია, ვიდრე შარშან. ქვევით გადახედავს და ფერდობზე ყვავილებით აჭრელებული საფლავებია. სიმწრით ჰყვავიან ყვავილები სოფლის სასაფლაოებზე. მზერას წყვეტს გარე სივრცეს და უბრუნდება დარჩენილ ორ მერხს. ახლა აქაური „შედევრები“ უნდა აღნუსხოს . ამ მერხზე ვრცელი ვაკეა. მერხის შუაში ბურთი „დევს“. ბურთი დამრტყმელს ელოდება, ქვედა მხარეს კი ბიჭი შემზადებულია გამოსაქანებლად და ბურთზე დასარტყმელად, იქეთა მხარეს მსაჯი დგას და სადაცაა გაისმის სასტვენის ხმა. ლალიმ ჩააცივდა ამ ნახატს. უფრო ბევრის ამოკითხვა შეუძლია, ვიდრე მერხზეა დატანილი. ბევრი კითხვითი ნიშნით მიტრიალდა ბოლო მერხზე. ეს მერხი დარჩა ლალის „გასაშიფრი“. ამ მერხზეა იმ კითხვითი ნიშნების პასუხები. აქ კი ფეხბურთის კარები ხატია. უეჭველი, წინა მერხზე შესრულებული ნახატის გაგრძელებაა. ოსტატურად შეკერილი ბადეა აქ. წინ ოდნავ წელში მოხრილი, მუხლებზე ხელებდაწყობილი კარის მცველი დგას და სადაცაა უნდა გადახტეს. მზადაა ბურთი მოიგერიოს. ლალი უკან-უკან მივიდა თავის მერხთან და სკამზე დაჯდა. კლასში სრული სიწყნარე იყო. ლალის ჯერ თვალები გაუსევდისფერდა, მერე გადაშალა თავისი რვეული და რაღაცის კითხვა დაიწყო ჩუმად. აბა, მომიყევით რამე, როგორ გავატარეთ ზაფხული? არსაიდან არ იყო პასუხი. - ბავშვებო, გაკვეთილისთვის მზად ვართ, ხომ?! „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“. ლალის სურს რომ აფეთქდეს, მაგრამ ხედავს, რომ გამნაღმველიც არავინაა. სიცარიელეს გრძნობს. თითქოს და ყველა მოსწავლემ ერთად შეკრეს პირი და არავინ ხმას არ სცემს. არა და ასეთ სიჩუმეს არაა ნაჩვევი. საათს დახედა და მიხვდა, რომ თითქმის ნახევარი გაკვეთილი შემოეხარჯა ამ სიჩუმეში. ლალი რისი მასწავლებელია, თუ ვერ აიყოლა მოსწავლეებიც. აბა, ვნახოთ ვინ, ვისსას გაიტანსო! -დაიმუქრა გულში და ოთხივე მერხზე კალმები ჩამოარიგა, მერე დაკეცილი ფურცლები, რომლებზეც ეწერა კითხვა: რას ვეტყოდი მასწავლებელს, მე რომ კლასში მარტო ვიყო? სამი წუთი დრო მისცა მასწავლებელმა მოსწავლეებს პასუხის გასაცემად და დაჰპირდა, რომ მხოლოდ მან წაიკითხავდა და არავის არ ეტყოდა. მივიდა, თავის სკამზე დაჯდა. გავიდა სამი წუთი და დროის ამოწურვა ხელების ერთმანეთზე გადაჯვარედინებით აუწყა კლასს. ჩამოიარა და აკრიფა ფურცლები. საგულდაგულოდ დახსნა. შიგნით ეწერა კითხვა: რას ვეტყოდი მასწავლებელს, მე რომ კლასში მარტო ვიყო? აქ უკვე ლალი დაიბნა. ეს ხომ თავისივე ნაწერია. თქვენ რა, არაფერი დაგიწერიათ? - დანანებით აღნიშნა მასწავლებელმა. სამი წუთი დრო არ გეყოთ, არა? - რიტორიკულად კითხულობდა ლალი. გულში წყენამ მძიმე ლოდივით ჩააწვა ლალის. ამას აღარ ელოდა. თვალები მოიხრისა, ზედიზედ სამჯერ დააფახულა წამწმები და კლასს მიაშტერდა. კლასში სიჩუმე იყო. ლალი თავზე ხელშემოდგმული იჯდა და ფიქრობდა ბავშვების ნახატებზე. ფიქრობდა თამოს და ნათიას მერცხლებზე, მათ ბუდეებზე, სოფლის მწვანე მდელოზე, ღრუბლებიდან მომზირალ მზეზე, რაზე აღარ და რაზე აღარ. მერე ფიქრები აქეთ გადმოიტანა. აქეთა მერხებზე - მსაჯის მიერ ამოღებულ წითელ ბარათზეც ფიქრობდა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა სტანდარტული თერთმეტმეტრიანი დარტყმა კარის მიმართულებით, მაგრამ კარის მცველს არ აშინებდა ეს. ისეთი თვალებით უყურებდა ბურთს, რომ არა, არ ეშინოდა ნამდვილად. გაკვეთილის გამოსვლას დიდი დრო აღარ აკლდა. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობს ლალი და ასეთი უცნაური, ჩუმი და ამოუხსნელი გაკვეთილი ჯერ არ ჩაუტარებია. ლალიმ ზარის დარეკვამდე კლასი დატოვა. თავჩაღუნული წავიდა სამასწავლებლოსაკენ. ზარის ხმაც გაისმა. სკოლის დაწყების პირველი დღეა და პირველი შესვენება აქვთ ბავშვებს. ლალი რომ გამოვიდა, იმ კლასიდან არცერთი მოსწავლე არ გამოსულა, არც არავინ შესულა. ... დიდ შესვენებაზე სკოლის დირექტორმა თათბირი ჩაატარა. ბევრი ისაუბრეს. ყველამ რაღაც-რაღაცა თქვა. მხოლოდ ლალი იყო, რომელსაც არაფერი არ უთქვამს და სხვას უსმენდა. დიდხანს უსმინა ლალიმ სხვა მასწავლებლებს. ყველაფერი გაიგონა. ისიც გაიგონა, როცა დირექტორი ამბობდა, სოფელი ნასოფლარს დაემსგავსაო, ამ ტემპით სოფლიდან გადინება ჯერ არ ყოფილაო, სხვადასხვა სოფლის სკოლებიც განახევრებულა და დაცარიელებულაო, ესაო, ისაო. რა არ გაიგონა ლალიმ, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. გაკვეთილები დამთავრდა. ლალიმ დღეს მხოლოდ ორ კლასში ჩაატარა ქართულის გაკვეთილი. გავიდა სკოლის ეზოში და ძელსკამზე დაჯდა. თვალები აწითლებოდა. ხშირად სალფეთქს ისვამდა სახეზე. გზაზე ქალაქისკენ მიმავალი ავტობუსი გამოჩნდა. ლალი ნაზად უქნევდა ხელს და ემშვიდობებოდა, ვინც ქალაქისკენ მიდიოდა. ღიმილებს აყოლებდა, ცრემლიან ღიმილებს. ავტობუსს უკან სატვირთო მანქანა მოჰყვა. ისიც ქალაქისკენ მიდიოდა, თუმცა ავტობუსისგან განსხვავებით, ის არ დაბრუნდებოდა. მათაც დაემშვიდობა ლალი ხელისქნევითა და ღიმილის გაყოლებით. ადგა, გავიდა გზაზე და მანქანებისგან განსხვავებით, მან სოფლის აღმართს შეუდგა. წავიდა ლასლასით და ისეთი მზერით, როგორც გლეხი ხვდება ხოლმე წლის პირველ მოსავალს, მაგრამ სეტყვა წაუხდენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი