მასწ!
სალამი, მასწ! მე მოგიყვები გაკვეთილს. არა შემეშალა, გაკვეთილს კი არ მოგიყვები მასწავლებელო, მოგიყვები, რამდენი რამე მოხდა შენს მერე. მე გავიზარდე, როგორც მიწინასწარმეტყველე. არ გაგიხარდება, ვიცი, მაგრამ სიგარეტის მოწევაც დავიწყე. მოგიყვები, რომ ძალიან ია-ვარდებით მოფენილიც არ ყოფილა ეს ცხოვრება. ისეთი არ ყოფილა, როგორსაც მპირდებოდი! რაღაც დაავადება გაჩნდა მასწავლებელო, ღამურისგან გავრცელდაო. ახალი ისეთი არაფერია, მასწავლებელო! ხო მართლა, ერთი თვის განმავლობაში ორჯერ გვაქვს არჩევნები. ახალი წელივითაა, მასწავლებელო! მეორეჯერაც უნდა მივიდე არჩევნებზე და გნახავ იქ. ღმერთს მადლობა, ცოცხალივით გაფასებენ და უყვარხარ ყველას, მასწავლებელო! საარჩევნო უბანი სკოლაშია, მასწ! ამ ზამთარს დიდი თოვლი დადებსო, ხალხი ამბობს. მე მასწავლებელო, ყველას ყველა კითხვაზე თავს ვუქნევ და ძალიან მოკლე პასუხს ვცემ. მინდა გითხრა, რომ სწავლის ძირი უფრო ტკბილი იყო. როცა მამაჩემის საფლავთან მივდივარ, არც შენს საფლავს ვტოვებ გაუწმენდავს. ნუ გაამტყუნებ შენიანებს, თუ ვეღარ მოდიან შენს საფლავთან, ისინი ქალაქში წავიდნენ საცხოვრებლად. არასდროს დაგივიწყებ ამაგს სწავლებისათვის, მაგრამ უფრო მეტი ცხოვრებამ მასწავლა, მასწავლებელო! ისე ცივა, ისე ყინავს, გარეთ არ მოგინდება გასვლა. გზაზეც აღარავინ დადის, თითქმის. გზებიც გაკორდდა შენი საფლავივით, მასწავლებელო! რა კარგია, რომ ვერ ხედავ, როგორ კვდებიან ახალგაზრდები. ზოგი კვდება, ზოგს კლავენ - მიწის ზევით უფრო მეტი საფლავია და რა ცოტა ადამიანი დარჩა აქ მასწავლებელო, არ იცი. კიდე რა მოგიყვე! ხო, კინაღამ დამავიწყდა ესეც - წუხელ ერთმა ახალგაზრდა ლოთმა ხალხი აიყვანა მძევლად და თუ კანონს არ მიიღებს მთავრობა, კაზინოების დახურვა-გაუქმებაზე, ამ ხალხს დავხოცავო. ძალიან უსწავლელი და უზრდელი ბიჭი ჩანდა. როგორ უნდა მოეკლა ხალხი! არ ვიცი... არ ვიცი... არ ვიცი მეტი რაღა მოგიყვე. მე, როგორც მაშინ, რაღაცებს ვწერ ჩემთვის - ვწერ და ვკითხულობ. ჩემს ჭიას ვახარებ. ახლა დავალება მაქვს დასაწერი. ნახვამდის, მასწ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი