ღმერთი მიწაზე


გუშინწინ ავად ვიყავი,  დღეს ცოტათი მომეშვა და ხვალ... 
   ხვალ ჩემი გოგო ქარსულელა ბაბუაწვერების ბუმბულებს დაუწყებს მინდორში დევნას და არავის არ ეცლება მისთვის.  არ ვიცი რამდენჯელ წამოჰკრავს ფეხს მინდვრის სოკოებს და წაიქცევა,  მაგრამ ვინ... 
   ხვალ ძალიან მოკლე დღეა.  ჩემი იატაკსამატლე სახლი აივსება ხალხით,  შემოვლენ,  მნახავენ მონატრებულს და გზას დამილოცავენ.  ხვალ შორი და დიდი გზა მაქვს. ხვალ ჩემი გოგო ფეხს წამოჰკრავს მინდორში ყვავილებს და წაიქცევა; მაინც დედა ჰყოლოდა! 
   მე ავალ მაღლა და გადმოვხედავ სახლს,  ეზოს,  ხალხს.  მერე ჩამოვალ იმ მინდორში,  სადაც ჩემი გოგო წაიქცა და ფეხწამოკრული გვირილებით გვირგვინს მოვუქსოვ; თავზე გავუკეთებ გვირგვინს.  ძალიან დაშვენდება თავზე გვირილები და ყელზე - მამის პატარა შავი სურათი. 
   დედა მაინც ჰყოლოდა! 
   თვალთ ღრუბელი გადამეკრა და ვეღარაფერს ვხედავ ღმერთის გარდა. ერთი ღმერთი მიწაზეც დავტოვე მე,  გვირილებითა და ჩემი სურათით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი