შეხვედრამდე


შეხვედრამდე
ღმერთო, მესამედ გწერ წერილს. მინდა გითხრა, რომ საკმარისი მადლობები ვერ გადაგიხადე პირველ წერილში, როცა თოვლის ბაბუს ნამდვილობა არ მჯეროდა და შენ მოგწერე წერილი. მეორედ მაშინ, როცა დედაჩემმა ოქროს ჯვარი გაყიდა და გთხოვე, რომ არ გაეყიდა. ბევრი გეხვეწე და არაფერი არ გაგიგონია, ღმერთო! ცუდს კი არაფერს ვამბობ, უბრალოდ... არა, შეიძლება მამაჩემს აერია ბანკის ფურცლებში ის წერილი და შენამდე ვერ მოაღწია. არადა, არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
ახლა, როცა ლამაზად წერა ვისწავლე, დიდი და გარკვეული ასოებით უნდა მოგწერო წერილი, ღმერთო! დედა მიყვირის ხოლმე ასეთ რაღაცებზე, მაგრამ რისთვის არსებობს თვალს ამოფარება, სიჩუმე და მალულად კეთება (თუნდაც, წერილის წერა) თუ მას არ გამოვიყენებ?! ჰოდა, ჩემო ღმერთო, ამ ერთხელაც მოგწერ და წაიკითხე, იქნებ შეგიძლია და ნუ გადადებ გვერდით, მეორე წერილის გვერდით, ან წაუკითხავებში.
 ღმერთო, ჩემს სახლში სულ თაფლის სანთლის სუნია, ამ არაფრისმომცემი სანთლისა. იწვის და დნება. იცი, რამდენი პეპლის ფრთა შეუწვავს ამ სანთლებს? - ვერც კი წარმოიდგენ, ღმერთო! 
მამა სულ საქმეებზე დადის, სულ ნერვიულობს და სულ აღარაფერს აღარ ლაპარაკობს. მე არც კი მიყურებს, არადა კი არ დამიშავებია რამე. როცა მძინავს შემოვა მაკოცებს და გავა. 
ხვალ დიდი დღეა ღმერთო!
სადაცაა დაღამდება. მე ეს წერილი არ მინდა რომ მოსაწერი დამრჩეს, მაგრამ ვინ და როგორ ამოგიტანს, არ ვიცი. უნდა დავწერო და ხატებთან უნდა დავდო, რომ ანგელოზებმა მოგიტანონ. ჩემს ფოტოსაც მივაკრავ ღმერთო, რომ დამინახო და მიცნო. ის ფოტო, რომელიც ჯერ კიდევ ჯამრთელად რომ ვიყავი და გადავიღე

                            მესამე წერილი
ღმერთო, მინდა, რომ ბანკში ჩემს სახელზე ანგარიში გახსნა. მერე ადვილია ჩემი გადარჩენა. ამით, თურმე გადავრჩები, გაიგე? განა სულ არ ვლოცულობ ამისთვის? განა ის პეპლები არ მეცოდებიან, სანთელზე რომ ეფერფლებათ ფრთები? 
ბევრი მპირდება, რომ თანხას გადმოგირიცხავო.ჰოდა ეს მაინც შემისრულე, გთხოვ!
წინასწარ მადლობას გიხდი ღმერთო!
                
         წერილი მესამედან მეოთხემდე
...
ყველა წერილი დამწვარა სანთლის ალზე, ღმერთო. ჰოდა ყველაფერს პირადად მოგიყვები.
უკვე გზაში ვარ ღმერთო!
კომენტარები (0)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი