შევსებული რვეული


გაზაფხული რომ ნორმალურად გასულიყო, რა დამაწუწუნებდა! ჯერ იყო და თოვლმა არ გაგვახედა გარეთ, მერე შეშაც შემოგვაკლდა . კი იყო გაზაფხული, მაგრამ მაინც ციოდა. ადგებოდა არაქათგამოცლილი მამა და ხან რას მოათრევდა სახლში თოკით და ხან რას, რომ ბუხარში ცეცხლი არ განელებულიყო.  მე კიდევ მეშვიდე კლასში ვარ და ვერ ვეხმარები იმდენს, რომ საქმე შევუმსუბუქო, ცოტათი მაინც.
   სანამ სკოლიდან დავბრუნდებოდი, მამა ყანაში წასულიყო, უნდა დაეღობა, რომ ამ არეულ ამინდში სიმინდი მაინც გვქონოდა საჭმელად, ოჯახში.  ღუმელში ცეცხლი ავაგიზგიზე, ბუხარი მინელებულიყო.
    მამას თაფლიანი წყალი დაულევია, დილით რომ დავუტოვე, მე არ მიყვარს თაფლი. ვიცი, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ არ მიყვარს. მირჩევნია ერთი ჭიქა მაწონი დავლიო. ტაფაზე ზეთი დავასხი, რომ კარტოფილი უნდა შევწვა. სანამ ოთახიც გათბება, მოდი, წავიკითხავ გაკვეთილს-მეთქი.  გავახარებ ხვალ თამრო მასწავლებელს, თორემ მე ალღო ვერ ავუღე ამ ლექსს. 
                            „ტყეში ამოდი ბალახო,
                             მზეში ამოდი ბალახო, მთაში ამოდი ბალახო,
                             გზაში ამოდი ბალახო.
                             თუგინდ ასფალტზე ამოდი,
                             თუგინდ ეზოში ამოდი, თუგინდ კიბესთან ამოდი,
                             არ ამოხვიდე
                             კიბეზე.“
   რა ჯანდაბაა ასეთი, რომ ვერ გავიგე! ყველგან ამოდიო და კიბეზე აღარო. ისე მარტივი და ისე რთულია, რომ ... არ ვიცი, რა!
   მამა მოვიდა  ნაჯაფევი, დაღლილ-დაქანცული.  ბიჭი რომ ვყოფილიყავი, სულ არ მოვშორდებოდი გვერდიდან და კაცივით დავუდგებოდი გვერდში. დედას მაინც ეცოცხლა, და... სულ მეუბნება, მოისვენეო, არ დაიღალოო, ნურც ყანაში გამოხვალ მოსახმარებლადო, მაგრამ არა! მის გვერდით ვარ და ვფუსფუსებთ. ისე მებრალება ეს ბერიკაცი, რომ... სულ მოტყდა დედაჩემის გარდაცვალების მერე.  შედის ხოლმე ოთახში, წამოწვება ლოგინზე არ ვიცი რას ფიქრობს, როცა მიაჩერდება არშიიან დედაჩემის სურათს; ხანდახან უცბად ჩაფიქრდება  და ფუჩფუჩებს ჩუმად რაღაცას - ალბათ ლოცულობს-მეთქი, ვიტყვი. 
   მე ისევ დავდივარ სკოლაში და ისევ მეშვიდე კლასში ვარ. ისე დამიპატარავდა მერხი, რომ... ჩემს გვერდით მარიამი ზის.  ვმეგობრობთ მე და მარიამი. დილით გამომივლის, ხოლმე. სანამ ხბორებს ქატოს ვაჭმევ, დამიცდის  ასასვლელ ხის კიბესთან. ჯდას და თავზე ხელშემოდგმული ფიქრობს. ეტყობა, რომ რაღაცას ნერვიულობს, მარიამი.  მამაჩემს თაფლიან წყალს დავუტოვებ და მივდივართ სკოლისაკენ მე და მარიამი. მეორე სემესტრიდან მარიამი, თურმე რაიონის სკოლაში გადადის სასწავლებლად - ტოვებენ აქაურობას. თითქმის  დაიცალა სოფელიც და ესაა. არ ვიცი, მარიამის გადასვლას როგორ გადავიტან. 
   რვეული უნდა გავხსნა, სადაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი წყენები უნდა ჩამოვწერო. მაგალითად: წყენა №1 - როცა გავიგე, რომ დედაჩემს ფილტვებში წყალი ჩაუდგა;  წყენა №2 – როცა გავიგე, რომ მარიამი სხვა სკოლაში გადადის სასწავლებლად და არა მარტო...- საცხოვრებლადაც;  წყენა  №3 – (აქ არ ვიცი ჯერ რას დავწერ, ღმერთო!).
...
   ისეთი მოსავალი გვაქვს სოფელში, ჯერ რომ არ მახსოვს. ისეთი თოვლი იყო, რომ არც გაუჭირდებოდა მოსავალს, - პირიქით. შარშან იყო და, დაწვა გვალვამ ყველაფერი. წელს კი - სულ წვიმებია. ეს ჩამოსაქცევი სურნალას მდინარე ხომ სულ გაგიჟდა; ანგრევს სოფელს, გზებსა და გაღმა გასასვლელი ხიდიც კი წაუღია.  მესამე დღეა, წვიმს. ეს წვიმა უნდა ახლა ამ წყალსულელა მდინარეს?! მოვარდა ჩვენთანაც და ათასი ღორღი და ქვა გაფინა ეზოში, დაანგრია ღობე და შემოვარდა. გიჟივით დავრბოდი თოხით, მიმართულებას ვუცვლიდი, მაგრამ...  ღმერთო, შენ არ გესმის ამინდზე დამოკიდებული ხალხის ხმა?
   სულ ყველაფერი ამათი ბრალია, ერთი არხი ვერ გადაიყვანეს მათივე ეზოში, ესაა მეზობლობა? - ვყვირი ეზოში. ისე გაბრაზებული ვარ, ისე, რომ... საღამოს არ გადავსულვარ მათთან მარილზე, პურის მოსაზელად. ჰოდა სულ უმარილო ხმიადები დავაცხე . მამის გასაგონად ვჯავრობ და ვბრაზდები: არ გვინდა ამათ გვერდით ცხოვრება და მეზობლობა-მეთქი (ალბათ მარიამის გადასვლამაც ამიცრუა გული და იმიტომაც აღარ მინდოდა აქ ცხოვრება, მითუმეტეს ასეთი სამეზობლოს გვერდით). მათი ქათმები ხომ სულ აქ დარბიან. რა გახდა ერთი დიდი ძაღლის მოყვანა ისეთი, რომ ეზოც დავაცვევინოთ და შეეშინდნონ, მაინც? 
   მამა არაფერს არ მეუბნება. დიდი რომ გავიზრდები მამასავით დინჯი და თავმდაბალი უნდა ვიყო, - მიყვარს თავმდაბალი ხალხი.
   მეორე დღეს ნახა მამამ და სულ გაუვერანებია იმ წყეულ წყალს ყანა; დაულესია თავნაყარი სიმინდი მიწაზე. ისე გაუგრაგნია და გაუნადგურებია. 
   სულ ყველაფერი ამათი ბრალია - ვეჩხუბები მამას - სულ ყველაფერი! ამათ რომ ხეები არ ჩაეჭრათ და ჩაეყარათ მდინარეში, არ გადმოვარდებოდა სურნალა ჩვენს ეზოშიც. სუ, სუო - მაჩუმებს მამა. ნუ ჯავრობო, მაგრამ, როგორ აბა? რანაირად არ ვიჯავრო?  სოფლელები რომ სულ ეხმარებიან მამას და მიმოჰყვებიან  იქით-აქეთ, ეგენი სულ არ სჩანან და იმალებიან. 
დამრთავდა ჩვენი სიმინდიცა და რთველიც. სულ გაუტაცნია წყალსულელა სურნალას. გავედი და მიწაში აზელილი ჩალა ავჭერი თითო ღერად, დავაძვრე და წვრილ ძნებად შევკარი.  ეგება გაშრეს, ხბოები მაინც ჭამდნონ!
   მეორე დღეს მარიამს მოვუყევი ყველაფერი. რას იზამს მარიამი. მომისმენს, შევა ჩემს მდგომარეობაში, მერე ზამთარიც მოვა და მარიამიც გადავა (ჩემი მდგომარეობიდან კი არა, სოფლიდან, სასწავლებლად, საცხოვრებლად).  მე კი ისევ აქ და ამ წყენებით დავრჩები. არა რა! სანამ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი წყენები მაქვს, რვეულს არ გავხსნი. მერე კი, მეექვსე წყენიდან გავხსნი და ყველა ჩამოთვლილ წყენას დავათარიღებ. 
   წესად მექცა, როცა რამეს განვიცდი, მწყინს დედის ოთახში შევდივარ. თითქმის, შეუმჩნევლად მეტირება, თუმცა... მამამ იცის რომ ფილტვში წყალჩამდგარი ქალის სურათთან ვჯდავარ, მაგრამ არ შემოდის ოთახში. როცა თვითონაა შესული, მე არ შევდივარ.  ბუხართან ზის, თუთუნს ეწევა და ახველებს. იმიტომაც ხველის, რომ  უნდა, დიდხანს არ გავჩერდე დედის სურათთან და თითქოს ამ ხველებით სურს, რომ მიმახვედროს, ახლა დროა გამოხვიდეო, ახლა მე უნდა შევიდეო, ერთი-ორი კურცხალი ცრემლისა მეც უნდა მოვიწუროო, თვალზეო. მე ვჯინიანდები იმ
 დედის სიკვდილივით,
მარიამის გადასვლასავით,
სურნალასავით,
და კიდე ბევრი „ვით“ და არ გავდივარ ოთახიდან. არა, მამა! შენ უნდა იჯდე და აბოლებდე ბუხარში თუთუნს, რა მნიშვნელობა აქვს, საკვამურიდან წიფლის ჯირკის კვამლი ამოივლის, შენი თუთუნისა, თუ ჩემი წყენებისა?! კვამლი, კვამლია კაცო, ბერიკაცო!
   ნერვების მოსაშლელად ისიც მყოფნის, რომ სულ ერთსა და იმავე გაზეთს კითხულობს - არ აღწევს ჩვენამდე სხვა გაზეთები. მერამდენედ კითხულობს არ ვიცი, მაგრამ კითხულობს. 
   ძვალსა და რბილში გაჯდა სიცივე. სუსხმა ისე მოატანა და გააჭირა საქმე, რომ მამა დამინაღვლიანა ძალიან. ისე დაანაღვლიანა, რომ ...
    ჯანდაბა, რა! ყველაფერი ხომ სხვანაირად იქნებოდა, დედა რომ არ გარდამცვლოდა? დედა რომ მყოლოდა ცოცხალი, ხომ მამაც არ მომიკვდებოდა ამ შემოდგომაზე?!

...
   წყენა № ...  .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი