ცარიელი მერხის სინდრომი


მეათასედ დავიწყე ამის კითხვა და...
რა ჯანდაბაა ეს ბალახი, რომ ვერანაირად ვისწავლე! ისეთი ადვილი იყო, ისეთი გასაგები, რომ თითქმის კლასში ვისწავლეთ. ახლა კი - არ მიდის გონებამდე. ერთს კიდევ წავიკითხავ და მოვისვრი ამ წიგნს ჩანთიანად.
„ტყეში ამოდი ბალახო,
მზეში ამოდი ბალახო,
მთაში ამოდი ბალახო,
გზაში ამოდი ბალახო.
თუგინდ ასფალტზე ამოდი,
თუგინდ ეზოში ამოდი,
თუგინდ კიბესთან ამოდი,
არ
ამოხვიდე კიბეზე“
არა, რა!.. უნდა წამოვწვე, ცოტა ნერვებიც უნდა მოვიშალო, ცოტა უნდა შემრცხვეს ჯერ თამრიკო მასწავლებლისგან, რომ გაკვეთილს ვერ მოვუყვები და მერე - ამ ერთისახე ლექსიდან, რომ რა ვერ გავიგე, რა იყო აქ ასეთი. მეექვსე კლასში არ ვიქნებოდე, მაინც!
გასკდა ცაც და აღარა აქვს წვიმის გადაღებას საზღვარი.
აქ სოფელი სოფელს აღარა ჰგავს. რატომღაც მგონია, რომ ეს, ყველაფერზე ფიქრი და აჩემება მარტო უდედოებს სჩვევიათ. ფიქრი - ხბოებისა, მამისთვის დილით თაფლიანი წყლის დალევისა, ქათმების საკენკისა და ყველაფერ ჯანდაბისა. ახლა იმაზე ფიქრიც დამემატა, რომ დილაობით აღარც მარიამი გამომივლის და სკოლაში ერთად ვეღარ ვივლით.
ათასი ჯანდაბა ამ ყველაფერს, ათასი ჯანდაბა, მარიამ! ეს სემესტრი მაინც დარჩენილიყავი და მერე გადასულიყავი რაიონში, არ სჯობდა?!
წახვალ და დაგავიწყდება, რომ ექვსი წელი ერთად დავდიოდით სკოლაში და ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს. ჯანდაბა იმასაც, რომ ალბათ შენს მერხს ხვალ შეშად დაჭრიან, რომ ცეცხლფარეშმა გაგვათბოს. ყველაფერს ჯანდაბა, მარიამ, ყველაფერს და შენ მაინც არ უნდა გადასულიყავი სხვაგან სასწავლებლად. 
ახლა ვზივარ და მიკვირს,როგორ ადვილად ვისწავლე
„ტყეში ამოდი ბალახო,
მზეში ამოდი ბალახო,
მთაში ამოდი ბალახო,
გზაში ამოდი ბალახო.
თუგინდ ასფალტზე ამოდი,
თუგინდ ეზოში ამოდი,
თუგინდ კიბესთან ამოდი,
არამოხვიდე კიბეზე“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი