ჩემი ქალაქის იასამნები
ჩემი ქალაქის იასამნები" - ვაჰ, ჩიტი მოკლეს რიყის ნაპირზე... - ვინ ჩიტი იყო? - გოგო პატარა... დედა მკერავი, მამა მეთევზე... დილის ლოცვაზე გადაატარეს... - იმ ლოცვის გარდა რითი ჰკვებავდნენ? - თევზის ცრემლით და იასამნებით... და ზამთრის ცივ და უცეცხლო ზღაპარს შეუფუთავდნენ ვარდის საბნებით... - ვარდებიც ჰქონდათ? - ვარდს არ სჭირდება ორანჟერეა, დიდი ფულები... ვარდებს მაისის წვიმები უყვართ და უშენობის გაზაფხულები. - მე რა შუაში ვარ? - შენზე უთქვამთ, რო არაყს არა სვამს, ეგ გიშველისო... მარხვასაც იცავს, პირჯვარსაც იწერს და დარდიც ესმის ობოლ შველისა... - ვარდი თუ მოკლეს იასამნების, შენ რას შვრებოდი, ბიჭო, მერედა?! სად იყო შენი შავი ნაგანი? სად იყო ჩემი თეთრი ბერეტა? - კაფეში ვანდე სქელგავა ვანდას, გახსოვს, წითელი ჰქონდა ფარდები... თმებში რო ოქროს ოფოფი ჰყვანდა, შინ წასაღები ვანდე დარდებიც... მე რა ვიცოდი, თუ ჰკლავდნენ ჩიტებს? ან ჩიტი ასე როდის კვდებოდა? დედა უქსოვდა ძველებურ ჩითებს, სიცივისაგან როცა კრთებოდა. - როგორ დაათვრეს? - მოშივდა ალბათ... თვალები ჰქონდა ზამთრის შველების... და შეიტყუეს მატრაბაზებმა სუფრაზე ობოლ ვერმიშელების... - ნამცეცს პეშვიდან კენკავდა, მითხრეს... - არაყსაც სვამდა? - რა ვიცი, ალბათ... მთვრალი ვიყავი, მივდევდი ფიქრებს... და ჩამასმინეს წასაღებ ამბად. - თეატრის წინ რო კაფეა ძველი... ხანდახან იქაც მინთებენ რამპებს... ტირიან, თხზავენ თვალებით სველით ათეატრალურ ზღაპრებს და ამბებს. - იქნებ ჩვენც მოგვკლეს და... ჯერ არ ვიცით? - არცა შეგვერგო, არც გვაღებინა... იქნებ იმ გოგომ, ჩიტმა პატარამ, არყოფნა ჩვენი გაგვაგებინა. - და როცა კლავდნენ, ზარები დაჰკრეს... ზარიც საქმეა! - ვაჰ... და მერედა? - სად იყო შენი შავი ნაგანი... სად იყო ჩემი თეთრი ბერეტა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი