მივდივარ, თბილისს გასვლია ყავლი


მივდივარ, თბილისს გასვლია ყავლი

კვლავ ვეღარ უძლებს რიჟრაჟის ლოდინს
ქარი და დაჭრილ ქორივით ომობს,
ვეძახი სიზმრად დაკარგულ დობილს
ცისკარს მტკვრის პირზე აფრენილ ხოხობს.

მივდივარ...
თბილისს გასვლია ყავლი,
დავეძებ შორი უდაბნოს სიცხეს,
სასახლეს დილის ამოსდის კვამლი,
სასახლე ახალ სიცოცხლეს იწყებს.

აქ ერთხელ იდგა ქალაქი თეთრი,
ბაღი ათასგვარ ფერთა ვაშლებით,
ეს ერთხელ იყო...
მას შემდეგ სიკვდილს,
მას შემდეგ სიკვდილს ვეთამაშებით.

ეს იყო მაშინ,
მეძახდი როცა,
როცა სინათლით დაღლილი გნახეს,
მივდივარ შენსას ვივიწყებ ლოცვას,
მივდივარ, ჩემსას არ ვტოვებ სახელს...

ეს მეფსალმუნე მგზავრთა ხმებია,
გულმკერდს მახვილი უკვე უსწორეს,
მივდივარ...
ვნატრობ ნატვრას ღვთაებრივს,
ნატვრას შენსავით უავგუსტოესს.

შენ,
ჩემი ლექსის დამპურებელო,
ვეღარ გავუძლებ საფიქრალს ამდენს,
მიჯობს შენს ბაღებს შორით ვეფერო,
მიჯობს დღეს შენი სიშორე მკლავდეს.

მივდივარ,
თბილისს გასვლია ყავლი,
ქარი დაჭრილი ქორივით ომობს,
მივყვები დილის კვამლივით ჩავლილს
ცისკარს, მტკვრის პირზე გაფრენილ ხოხობს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი