მძინარე დედა


სარკმლიდანა მთვარის შუქი
დაღონებით იყურება
და მშობელის ღარიბ ლოგინს
ეკრობა და ეწურება.

ძველ კონკებში გახვეული,
მას ყმაწვილი უწვდის ხელებს,
შეჰტიტინებს ,,აღუ-აღუს”,
ღუღუნებს და შეღიმილებს.

და მნათობიც ტანჯვის შვილსა
მხიარულად დაჰხარის თავს,
ტუჩში ჰკოცნის, უკამათლებს
სხივებსა და გულში იკრავს.

ყმაწვილთანვე მიწოლილი
ძილში ბოდავს მისი დედა
და ვინ იცის, ტანჯულ ძილში
რაზედ ფიქრობს, ან ვისზედა.

ჯაფისაგან დასუსტებულს,
საცოდავს და შესაბრალებს,
არვინ იცის, შიგნით გულში
რა ცეცხლებიც უტრიალებს.

ფერმიხდილი, გულმოკლული
შრომისაგან განისვენებს,
მაგრამ შიმშილი და ხვედრთან
ბრძლოლა ძილშიაც არ ასვენებს.

ბევრი ტანჯვის განაცადი
ზეზეურად ჩამომდნარა,
დაუცია უმართლობას,
მაგრამ ჯერეთ არ მომკვდარა.

არც მოკვდება!- თუმც კი ტანჯვა
კიდევ ელის მას მრავალი,
მაგრამ ყველამ რად არ იცით,
რომ მისია მომავალი!

იმისთვისაც გათენდება
და დადგება გაზაფხული,
ხვალ ნაყოფებს გამოიღებს
დღეს ნათესი მიწა-ხნული!

ხელში მარდად ნამგალს იგდებს,
რა იშოვნის იგი ალოს,
და გმირულად გამოთიბავს
პურში გამორეულ ღვალოს!

ძირიანად ამოაგდებს
კეთილ თესლის წამჩრდილვევლსა
და მომავლით გაიხარებს,
დაივიწყებს წასულ ძველსა!

ვით დღემდე სხვებს გაუღიმებს
გაზაფხულზეც მასაც ბედი
და ყოველ მხრივ იამაყებს
თავმომწონე ვითა გედი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი