ჩემს შვილს თამარს


ხალხის მწარე ბედ-იღბალზე
ცრემლი ვღვარე მრავალი,
მაგრამ ცრემლი ცრემლად დამრჩა,
ვერ დავძლიე მტარვალი.

გული გატყდა, დაცხრა სულიც,
თმა შეჭრელდა ჭაღარით.
ხალხის ბედის აყვავება
აღარ ძალმიძს აღარრით.

ჩემი სულის მისწრაფებას
შენღა გიძღვნი, თამარო,
მინდა ჩემი იდეალი
აწ შენ ააკამარო!

ბედთან ბრძოლამ დამიდუნა
უღვთოდ გული და ხელი;
წინანდელის აღმაფრენით
ვერ ცახელობს ცახელი.

აწ ასპარეზს შენ დაგითმობ,
შენ გადმოგცემ აზრს და სულს
გულსა სჯერა, რომ შეავსებ
შეუვსებელ ჩემ წარსულს…

ერში აზრის სათესველად
აწ შენ გზრდი და გამზადებ,
და მჯერა, რომ ქვეყნისათვის
წმინდა მსხვერპლად თავს დადებ…

გულს ჩაშუქდა რაღაც ფიქრი
და იმის აზრს მივხვდი მე;
ვგრძნობ, რომ წელში იმართება
ჩაგრული და ტვირთმძიმე.

ჩქარა ქვეყნად გაიმარჯვებს,
ვინც დღეს არის ტანჯული,
ავს ავობა არ შერჩება,-
დროა მისი მსაჯული.

და იქამდე თუ მოგიკვდე,
დამფლა, დამასამარო:
ქვეყნის ბედზე საფლავში რამ
ჩამომძახე, თამარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი