წუხილი


დილით ადრე, ძილბურანში, მომელანდა შენი სახე. 
დილით ადრე, ძილბურანში,  ცრემლიანი დაგინახე.

მოწიწებით დაჩოქილი, პატიებას სთხოვდი ხატებს,
სინანულით ცხოვრობს ყველა, ვინც სიყვარულს უღალატებს.

ვერაფერი დააბრუნებს ჩვენს გარდასულ დღეთა ციალს.
ვერაფერი დააბრუნებს ჩვენს ჩეროში ფოთოლთ შრიალს.

შენს ფანჯრებთან ვათენებდი, მახელებდა გრძნობა წმინდა.
შენს ფანჯრებთან გაზაფხულის,  დამასველოს წვიმამ მინდა. 

ისევ მინდა ჩემი გერქვას და ქურთუკი გეცვას თხელი,
ისევ მინდა ჩემს ჯიბეში, რომ გაგითბო ცივი ხელი.

როგორ მინდა შევებრძოლო, უსამართლო ყოფას წყეულს.
როგორ მინდა მოვეხვიო შენს ვნებიან, ლამაზ სხეულს.

კიდევ ბევრჯერ დეკემბერი, მოგონებებს  მოთოვს თეთრად.
კიდევ ბევრჯერ უშენობა, დაღს დამასვავს გულზე მკვეთრად.

ღამით, როცა მარტო რჩები, თუ მიხსენებ ზოგჯერ ნეტა ?
მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ, მე დღეს გუშინდელზე მეტად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი