სასჯელი


მე ისევ ვჯდები ბნელ ოთახში და ვანთებ სანთელს,
ისევ ივსება გული ჩემი, შენდამი რწმენით.
შეგიხსნი ღილებს პერანგისას და მაგ მკერდს ნათელს,
დავეწაფები ვით მწყურვალი უდაბნოდ მვლელი.

ზანტად დაუშვებს ღამე თავის მეწამულ ფარდებს
და დამაწვება შენი სუნთქვა გულზე ხუნდებად.
ჩვენს სასთუმალთან მიმობნეულ სისხლისფერ ვარდებს,
სიკვდილი ელით და ხვალ ფერი გაუხუნდებათ.

თავს არ მოვიკლავ შენი გულისთვის მე ამ წვიმაში.
თუმცა მიყვარხარ ვით დეგრიეს - ნორჩი მანონი.
ვგრძნობ ვრჩები მარტო, როგორც თევზი უწყლოდ სილაში,
მარადისობის არ არსებობს რადგან კანონი.

აღარ ცეკვავენ კანდელაბრზე ალები სანთლის.
და უსიცოცხლო, სხეული შენი, ზეწარზე გდია.
გათენებისას, ზუსტად პირველ ყივილზე მამლის,
გულს განმიგმირავს, შენი მეუღლის ნასროლი ტყვია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი