ქალაქური
გათენდა ბრწყინვალე დილა, ქალის ამბორით ნაზით. მოჰყვა ხაშლამა, შილა. ქამანჩით, დაირით, საზით. ზუთხი, კალმახი, ლოქო. შოთები, გუდის ყველით... ვგრძნობ ვთვრები - თიხის დოქო, საარით გულის მწველით... ხვანჭკარით, ქისით, თავკვერით. ვავსებ ყანწებს და ფიალებს. თოვლის ფიფქების ნამქერი, ჩემს დარაბებთან ტრიალებს... აქეთ სოკოა კეცზე, იქით ბაჟე და ღომი... სადღეგრძელოებს ჭედავს, თამადა - სუფრის ლომი... ჭრელ ბაღდადს რარიგ შვენის: ჭადი, ელარჯი, ფხალი, როგორც ქალის ნაზ სახეს, ტუჩთან პატარა ხალი... მაყალზე იწვის მწვადი, თონეში ცხვება პური. ბუხარში იფიცხება - შამფურზე ხაჭაპური... დღეს არაფერს არ ვიკლებ, გინდაც დამედოს ვალი. სამი რამ მიყვარს ქვეყნად : ღვინო, დუდუკი, ქალი... მე სიყვარულმა მშობა, პატიოსნება მზრდიდა, ჩემი თბილისი მუდამ - ერთგულ მეგობრად მთვლიდა. უფლის წყალობა თან მდევს, მადლიერი ვარ მისი, რადგან გამხადა ღმერთმა, თავის წყალობის ღირსი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი