სერაფიტა
როგორ მიყვარდი... სახელად შენი ოცნება მერქვა... თავს მეფრქვეოდა შადრევანი ჯადოსნურ ფერთა-- გაგიჟებული ვფარფატებდი ფურცლებად ვარდის-- როგორ მიყვარდი... მზის თვალი იყო სალამი ჩემი და მთვარის სხივი, ყელს მეჭდობოდა ცეცხლოვანი ვარსკვლავთა მძივი, მკლავებში მეპყრა ცისკრის სუნთქვა და ვერცხლის ცვარი, ნაწნავთა ღელვას შარავანდად ეფინა ცაი... არ იყო სიტყვა,მორეოდა გრძნობათა სიღრმეს-- ვერა გითხარი-- ოცნება ჩემი სიყვარულის იყო სიზმარი... ბულბულის სტვენად მოგადევნე სურვილის ხმაი, აპრილის წვიმად შემოგავლე ცრემლების ზღვაი, ეს მე ვდიოდი ფოთოლთცვენად ოქტომბრის ქარში, ეს მე ვკრთებოდი უნაპირო წყურვილთა ძალში... ვერ გაგაგონე, ვერ გასმინე წკრიალება ლაჟვარდის ფერთა, ო,დაზაფრული,დაზამთრული წავედი ღმერთთან-- თან წარვიტანე მონატრება შენი ცისმარი, ოცნება ჩემი სიყვარულის იყო სიზმარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი