დაგიბრუნდები...


წინასწარ ვიცი--მომავალში ფრინველად მოვალ,
რადგანაც მზერას იტაცებდა წყურვილით ზეცა...
წარმავლობაზე არ უხდება სიცოცხლეს გლოვა--
თვალსაწიერზე სულ მზისფერი მიტომაც მეცვა!..

მინდა სამყაროს ვატარებდე ბავშვური პეშვით,
მაფერადებდნენ ჭრელაჭრულა კაბით კორდები--
შენი ღიმილი მინათებდეს მაშინაც სავალს
დედამიწაზე ხელახლა რომ განვმეორდები...

რაც უნდათ ის თქვან--
ღიმილებით ვკემსე და ვქარგე,
მადლიერებით დახუნძლული 
დამქონდა კალთა...
ფრინველად მოვალ--
დაგებნევი მკერდზე და მერე
დავუმშვიდდები დაბრუნებას
საკუთარ თავთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი