დაბადება


აისი იდგა ზურმუხტის ზღურბლზე,
ედემის ვაშლის მოჰქონდა სუნი...
ეჭიდებოდა თამამად მუზა
დაუოკები ყიჟინის სურვილს!..

ტოკავდა სიოს ტალღაზე ფიქრი
გაურანდავი--
სამყაროს დელგმა!
მოფრინდა სიტყვა--
მწიფე და შორი
ცელქი ბავშვივით პარმაღზე შედგა

სულის--და გრძნობის უფსკერო კარი
გაუხსნა ფართოდ სიცოცხლის როკვას!..
ანაზდად ანცი გამოსხლტა შაშვი
სულ სხაპასხუპით
დითირამბს მოჰყვა...

ეს იყო--
მზემაც ამბორი უყო,
არ დაუტოვა უკუნეთს ადლი..
და იშვა,
როგორც ფაქიზი ლოცვა,
ლექსი--
გულის და გონების მადლი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი