უძინარის ამბავი


გრძნეულის ოთახში იდგა ახალგაზრდა ბიჭი და უძილობისგან განკურნების წამალს სთხოვდა, კი არ სთხოვდა, სახის ხოკვითა და მუხლებზე ხოხიალით ევედრებოდა. ქვაფენილის მსგავსი, აქა–იქ ამოცვენილი თიხის იატაკი, რომლის უსწორმასწორო ზედაპირი ბიჭს მუხლებს უხეხავდა, ერთიორად ჰმატებდა ამ სცენას შემზარაობას. სასოწარკვეთა მის მიერ გამოცემულ ყველა ბგერასა თუ მიღებულ მიმიკაში იხატებოდა. არადა, ორი კვირის წინ იგივე ჭაბუკი იმავე გრძნეულს უძილობის წამალს სთხოვდა, რადგან ამით სურდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მომაკვდავ ადამიანთან, მეტად შეეცნო ის, დამტკბარიყო მისით და სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში მისი სურვილები, მისწრაფებები თუ გაქრობის წინ თვალში გამკრთალი მწველი ნაპერწკლები. ახლა კი, როცა საბოლოოდ გაქრა ის, სიცარიელის ტკივილი დაეუფლა ჭაბუკს, ამოუვსები სიცარიელისა, რომელიც არასოდეს სრულდებოდა და არასოდეს ავიწყდებოდა, ვინაიდან სულ ეღვიძა. ანდაც, როგორი დასავიწყებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებამ, რომელიც თავზე მეტად გიყვარდა, სიკვდილის წინ ჩაისვარა, ჩაისვარა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანურობის გარდაუვალობას. უძილობის (არდაძინების) წამალში უკვე გადაიხადა მარჯვენა, ჩამოწეული სათესლე ჯირკვალი, ახლა კი ოღონდ დაეძინა, მეორესაც კი მისცემდა.
გრძნეულის შეუვალ გულზე და დამდგარ მზერაზე გრამითაც კი არ უმოქმედია ბიჭის განწირულ ვედრებას. ხის ძველ სავარძელში ჩამჯდარი პირქუშად უყურებდა მას. ეტყობოდა, რომ მობეზრებული ჰქონდა ეს ყველაფერი, ინსტინქტურად მარცხენა თვალის ქვევით მქონე დაჩირქებულ ნაიარევს იფხანდა. მან ორი კვირის წინაც თვალის დაუხამხამებლად გამოაჭამა ბიჭს ყვერი და არც მაშინ შეხრია წარბი, როდესაც ჭრილობის მოწვისას ბიჭმა ორგაზმი განიცადა და ერექცია ჰქონდა. ბოლოს, ყელში რომ ამოუვიდა ეს ყველაფერი, ჭრაჭუნით ადგა სკამიდან, დანამდვილებით ვერც იტყოდი, ძველი სკამის ხმა იყო თუ მისი დაჟანგული, ბებერი ძვლებისა. ადგა და უთხრა: ,,უძილობისგან განკუნების წამალი არ არსებობს, თუ არსებობს, ვერავინ მოგცემს მას, ვერავისგან აიღებ, შენით უნდა იპოვო. იპოვე, და რომ იპოვო, ეძებე იქ, სადაც თავად ხარ.“ 
ღონემიხდილმა ყმაწვილმა ბრაზნარევი ნერწყვი დააგდო გრძნეულის ფეხებთან, ერთი–ორი წვეთი მოსასხამის კიდეზეც კი მოეცხო მჩხიბავს. კიდევ უფრო მეტად სასოწარკვეთილი, და ახლა უკვე ზიზღითაც სახედამანჭული ბიჭი, ნელა წამოწოწიალდა, სახლში მივიდა, ბარგი ჩაალაგა და დასავლეთის ქვეყნებისკენ აიღო გეზი. მობეზრდა ადამიანებთან ურთიერთობა. 
დასავლეთის ქვეყნების შესახებ მონათხობებიდან თუ იცოდა მხოლოდ, პაპამისი უყვებოდა პატარაობაში, რომ იქ სხეული ნაჭრით აქვთ დაფარული და სექსით რომ მრავლდებიან. თვითონ ბაბუას რვა შვილი ჰყავდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა იყო სექსი, თუმცა მანაც გადმოცემით იცოდა და ძალიან უცნაურად მიაჩნდა იგი. თვითონ მეხუთე შვილის შემდეგ ლოგინს მიეჯაჭვა, ვინაიდან ტანს ვეღარ ძრავდა. ბავშვობაზე ფიქრით დატვირთული გონებით ისე გადალახა დასავლეთის ქვეყნების საზღვარი პიმემ, რომ ვერც კი შეამჩნია. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ პირველივე ხის ძირში მიწვა დაღლილი. ამთქნარებდა, თვალებს ლულავდა და აი, მოვიდნენ  ძილისპირული, სულისწამღები ფიქრები, ახსენდებოდა, თუ როგორ ჩაისვარა მისმა ღმერთმა, როგორ მიატოვა მამამ, რომელიც არასოდეს ენახა, ა.შ. და ა.შ. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ფიქრები, მაგრამ ძილი არსად ჩანდა.
 ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობა აწუხებდა პიმეს ლაჯებს შორის. ამბობენ, ქვეცნობიერი სანამ შეეჩვევა დაკარგულ სხეულის ნაწილს, ის ადგილი, სადაც ადრე ის ჰქონდა, მაინც ექავება ხოლმეო. ნუ, ასეა თუ ისე, ეს ყმაწვილი ნამდვილად იფხანდა მას. ძალაუნებურად, უნებლიეთ. გამხმარი სისხლი ცვიოდა ჭრილობიდან და მის ადგილს ერითროციტებისგან დაცლილი, მოვარდისფრო პლაზმა იკავებდა. პიმემ იგრძნო, თუ როგორ მიაწვა სისხლი აქამდე უმოქმედოდ დაკიდებულ საშარდე ორგანოს, იგრძნო, როგორ დიდდებოდა ის და შეშინებულმა თავი ანება ნაიარევის ფხანას. ეშინოდა, იგივე ტკივილი არ ეგრძნო, რაც გრძნეულთან, ჭრილობის მოწვის დროს განიცადა.
ცოტა რომ გამოერკვა სიტუაციაში და საშარდე მილიც დაუწყნარდა, მან დასავლეთიდან მომავალი ჯუჯა დაინახა, რომელიც ვირზე იყო ამხედრებული. ცხვირი ისეთი წითელი ჰქონდა, უთუოდ კლოუნი იქნებოდა. ჟღალ სახეზე უკვე გახუნებული, გაჭაღარავებული თმა ეფინებოდა, აშკარა იყო, ასაკით დიდი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი ნაოჭი ჰქონდა შუბლზე, რომელშიც ოფლი და მტვერი არეოდა ერთმანეთს. პიმე დაიბნა, ვინაიდან პირველი იყო, ვისაც დასავლეთის ქვეყნებში შეხვდა და არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. რამდენიმე კითხვა და წინადადებაც კი მოამზადა გონებაში, რომ დიალოგი არ გასჭირვებოდა, თუმცა ჯუჯამ ისე ჩაუარა, არც კი შეუხედავს ზედ.
პიმე ცოტა არ იყოს გაკვირვებული იყო ჯუჯის საქციელით, თუმცა დიდხანს არ უფიქრია მასზე, მაინც ჩარჩა გულში მისი ტანივით პატარა და მისი შუბლის ნაოჭივით ოფლიანი ლაქა. აი ისეთი, შემდეგ რომ წვეთავს და მუცელსაც გიშხამებს. ამ ფიქრებში იყო, რომ დასავლეთის სამეფოს პირველ სახლს მიადგა. უეცრად ზარებმა დაიწყეს რეკვა და სახლიდან დიდი ტანის, შუაში თავგამელოტებული კაცი გამოვიდა, პიმეს შეეგება და შიგნით შეიპატიჟა, აუხსნა, ეს ზარების ხმა ზეციდან ისმის და ყველა გამვლელის გამოჩენისას რეკვას იწყებენ, ვინაიდან არც ერთი გავუშვა ისე, რომ არ გავუმასპინძლდეო. საუბრისას პირის კიდეებზე დორბლი უგროვდებოდა, რომელსაც თითქოს მოწრუპვით უკანვე აბრუნებდა. ეს პიმესთვის ამაზრზენი იყო, მაგრამ ისე ძალიან შიოდა, მაინც დაჰყვა მასპინძლის ნებას. ეზო მომცრო იყო, ვერც დიდს იტყოდი და ვერც პატარას, ექსტერიერი სადა, ორი თუ სამი ხე და მათ ჩრდილში მოსახერხებელი ხის სკამი იდგა. პიმეს ყურადღება შესასვლელთან მიყუდებულმა სისხლიანმა ბეისბოლის ბიტამ მიიქცია. ბიტაზე სისხლი მთლად შემხმარი არა, მაგრამ უკვე საკმაოდ შედედებულიყო. უკვე ბუზებიც ეხვეოდნენ, სუნი ყანაში დარჩენილი და წვიმისგან ჩამპალი სიმინდის ტაროსას ჰგავდა. ოთახი ღარიბული იყო, ნახევრად დაფლეთილ ფარდებზე მეტად შემომავალ შუქს მათ შორის გამბული, საუკუნოვანი აბლაბუდები აკავებდა. პატარა სკამზე ქალი იჯდა, რომელიც მასპინძელმა თავის ცოლად წარადგინა, თუმცა მას არც კი შემოუხედვს პიმესთვის, იყურებოდა გაყინული მზერით ოთახისაკენ, სადაც პატარა ყმაწვილი ეგდო ორ უკვე ჩამწვარ კოცონს შუა. თავი გადაპობოდა და სისხლი ლამისაა შემოსასვლელამდე გამოჟონილიყო. ყმაწვილის მარჯვნივ, უკვე ჩამწვარ კოცონს იატაკი სულ მთლად გაებოლა, ხოლო ხელმარცხნივ მყოფს კი, ჭერი გაემურა. პიმემ ზურგში პატარა ბიძგი იგრძნო და მასპინძელს ინსტინქტურად ჩაჰყვა სარდაფში, სადაც, მისი თქმით, საჭმელს ინახავდა.
სარდაფში სრული უკუნეთი იდგა, სრული სიჩუმე. მხოლოდ სინესტისგან ჩამოჟონილი წვეთის ხმა, როგორც ცარიელ გულში გაჩენილი იმედი, არღვევდა მყუდროებას და მასპინძელი, რომელიც გაუთავებლად აქებდა თავის დედოფალს, თურმე ის ამარაგებდა მას საჭმლითა და პროდუქტით, სტუმრებს რომ გამასპინძლებოდა. მასპინძელმა ნათურა აანთო, რის შემდეგაც უკუნეთმა თავის დაკვრით გადაინაცვლა კუთხეებისკენ, მერე პიმეს ზურგჩანთა გამოართვა, რათა გზად წასაღები საჭმელი ჩაელაგებინა, ხოლო სუფრა ცალკე გაუწყო. ის დამშეული მიაძღა საჭმელს და ვერც კი შეამჩნია, დიასახლისი როგორ ჩამოვიდა დარბაზში, ხელში ნაწლავები ეჭირა, რომლებიდანაც სისხლში გარეული ნეხვი წვეთავდა. ნაწლავების სიმძიმისგან დაღლილმა ცოლმა ინსტინქტურად მოისვა მარცხენა ხელის მტევანი შუბლზე და ზემოთ აღნიშნული ნარევი იქაც მოეცხო. ვინაიდან ძალიან თხელი იყო, თვალებს შორის ჩამოუვიდა და უფრო ჩავარდნილ, მარცხენა ყვრიმალზე გაიკვლია გზა, დაახლოებით ყელთან გაჩერდა ეს ნაკადი, როგორც ცხელ ზაფხულში ჩერდება ხოლმე მცირე ნაკადული და მიწაში იკარგება, ვინაიდან ძალა არ ჰყოფნის, ეს ნაკადიც თითქოს ამ ქალის კანში ჩაიკარგა, ჩაიკარგა და თვალებში ჰპოვა მძვინვარება, მიწისქვეშა მდინარედ გარდაქმნილმა. გამძვინვარებულმა ქალმა მთელი ენერგია მოიკრიბა და ნაწლავები პიმეს მაგიდაზე დაახეთქა, წნევისგან გახეთქილმა კანმა და გარეთ გამოტყორცნილმა შიგთავსმა მთელი სარდაფი მოსვარა, თუმცა პიმეს ერთი წვეთიც კი არ მოსცხებია, მან არც შეიმჩნია ეს ყველაფერი, ისე გააგრძელა ჭამა.
ცოლი ქმარს მივარდა და მკერდზე მოწყვეტით დაუწყო მუშტების ცემა, მას აბრალებდა შვილის სიკვდილს, ვინაიდან ყველაფერი მისი გამოთლილი ბიტადან დაიწყო. უეცრად ისეთივე ზარების ხმა გაისმა, როგორიც პიმეს გამოჩენისას. მასპინძელი ხმის ამოუღებლად გავიდა გარეთ. მისი მეუღლე დაემხო, მაგიდაზე დაყრილ ნაწლავებში თავი ჩარგო და აქვითინდა. 
პიმემაც დაამთავრა ჭამა და მასპინძელს გაჰყვა. გამოფლეთილი და ფაშვამოცლილი მკვდარი ბავშვი ეზოს კართან გამოუთრევია დიასახლისს. პიმემ გვერდი აუარა და ისე გავიდა გარეთ, ბავშვმა ვედრებით სავსე მზერა გააყოლა მას. შემოსავლელთან მეწამულ ნაჭერში შემოსილი გოგონა იდგა, პიმემ ნაჭრილობებზე დადებულ შანთზე მწველი და მტკივნეული რაღაც იგრძნო ლაჯებს შორის, სახე გაუხურდა და ინსტინქტურად აიფარა ხელი იმაზე, რაც აკლდა. გოგონამ, რომელიც მასპინძელს ელაპარაკებოდა, მაშინვე შეამჩია პიმე და მცველებს უბრძანა, მანქანაში ჩაესვათ. ორმა მცველმა პიმე შემოსა და ლიმუზინში ჩასვა.
ცოტა ხანში შეუერთდა და მანქანაში მასთან ერთად ჩაჯდა ის გოგონა, რომელიც ის ქებული დედოფალი გამოდგა, მასპინძელი რომ ამბობდა. პიმეს დანახვისთანავე გაუჩნდა დამოკიდებულება მის მიმართ. დაუძლეველი და ამოუცნობი გრძნობა. სიყვარულით იქვე დაკავდნენ, მანქანაშივე. სახლში მისულებს ბავშვი ეყოლათ, რომელსაც თავი არ ჰქონდა. მისმა ტირილმა იქაურობა გააყრუა, მაგრამ არავინ იმჩნევდა ამას, პიმეს გარდა. ყველგან სისხლი იყო, პირველად ნახა პიმემ ქალის გაჩენილი ბავშვი. ცხოვრობდნენ ერთად ის და დედოფალი, ბევრი შვილი ეყოლათ. ზოგი იბადებოდა მხოლოდ სისხლად, ზოგი ნაწილ-ნაწილ, ზოგი მხოლოდ ხელი იყო თუ სხეულის სხვა ნაწილი. პიმე და დედოფალი ყოველდღე, და დღეში რამდენიმეჯერაც, ცდილობდნენ, რომ ნორმალური ბავშვი გაეჩინათ, მაგრამ ამაოდ. აქ პიმეს მოუხდა, რომ თავისი ნაკლის შესახებ ეთქვა მისთვის. დედოფალი აქვითინდა და პიმეს მოსთხოვა, რომ წასულიყო და მოეძებნა დანაკლისი. პიმეს ყველაფერი ჰქონდა, რაც სამშობლოში აკლდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, თავის ქვეყანაში დაბრუნება და გრძნეულის ნახვა გადაწყვიტა. გზას დედოფლის ლიმუზინით გაუდგა. 
მანქანით მგზავრობა გაცილებით სწრაფი გამოდგა, ვიდრე ფეხით და ამიტომაც, სულ რაღაც  დღე–ნახევარში მიაღწია აღმოსავლეთის ქვეყნებს, თავის სამშობლოს. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ლიმუზინი ექვსცხენიან ეტლად გადაიქცა და პიმეს კი ტანსაცმელი შემოეძარცვა ტანზე. წინ მიმავალი ორი წყვილი ცხენიდან მარჯვენა წინა ფეხებით კოჭლობდა, მაგრამ უკანებს ისე კარგად ხმარობდა, რომ საერთო სვლას ეს ნაკლი არ ეტყობოდა. ასევე, ყველა მყვირალა წითელი იყო, რომ შეხედავდი, თითოეული მათგანი თეთრი გეგონებოდა, სისხლში ამოსვრილი თეთრი ცხენი, რომელსაც არტერია გამოაჭრეს და სისხლმა ალისფრად შეღება. მხოლოდ ბოლო მარცხენა ცხენი იყო სულ მთლად შავი, თვალები ამოთხრილი ჰქონდა და მისი სვლა ძირითადად ინსტინქტებზე იყო დამყარებული და დანარჩენი ცხენების მზერასა და მოძრაობას იყო მინდობილი.
გრძნეულთან არაფერი შეცლილა, გარდა იმისა, რომ მისი სკამის ჭრიალა ფეხზე საყრდენი მიედგათ. ჩირქიანი იარა მთელს სახეზე გადასდებოდა, ცხვირთან გახეთქილი იყო და უკვე შედედებული, უსიცოცხლო სისხლი სდიოდა. მეტისმეტი სიბერისგან ხელები დახეთქილი ჰქონდა. როგორც უწყლო მიწა იბზარება მეტისმეტი მზისგან. იფიქრებდი, რომ სწორედ ამ ბზარებიდან შედიოდა ის სინათლე, რომლის საშუალებითაც ის ჩვეულებრივ მოკვდავებზე მეტს ხედავდა. პიმემ თამამად შეაბიჯა მასთან და თავისი დაკარგული ჯირკვლის ადგილსამყოფელზე ჰკითხა და მისი დაბრუნება მოსთხოვა. გრძნეული არ ნებდებოდა. მისი გამხმარი, ხავსმოდებული ყელიდან ამოსული ხმა, ცარიელი გამოქვაბულის გამოცემულ ექოს მოგაგონებდა კაცს. პიმეს თმა ყალყზე ედგა ლაპარაკისას, თუმცა არც ის ნებდებოდა. ყელში რომ ამოუვიდა,  რა გავაკეთო, რომ გადაგაფიქრებინოო, ჰკითხა გრძნეულს. მან დამსკდარი ხელი გაიშვირა მისი ეტლისკენ. პიმე ისე მოიქცა, როგორც მან სთხოვა: ხუთი ცხენი დაკლა, მხოლოდ ის ბრმა დაუტოვა ცოცხალი, ისევ გრძნეულისვე თხოვნით. გრძნეულმა მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა, რომ ჯირკვალი კარგა ხნის წინ გაეყიდა, უკიდურეს აღმოსავლეთში მოუწევდა პიმეს წასვლა, რომ ის ეპოვნა, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირე იყო. ამის თქმის შემდეგ, ცოცხალ ცხენზე შესვა პიმემ ის, თვითონ კი გზას გაუდგა უკიდურესი აღმოსავლეთისკენ.
პიმეს ძალიან მალე გაუთავდა საჭმელი და წყალი. ნელ–ნელა მისი კანი გრძნეულისას ემსგავსებოდა, მის ახალგაზრდა ხელებზე აღარ ჩანდა ვენები, ვინაიდან მთელი სხეული ლურჯი გახდომოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ უდაბნოს გავლა მოუწევდა, ეგონა, აღმოსავლეთი ისეთივე დასახლებული იყო, როგორიც დასავლეთის  ქვეყნები. პიმე იმედს კარგავდა, თუმცა, იმედი რომც არ დაეკარგა, ფიზიკური ძალა არ ჰქონდა, რომ გზა გაეგრძლებინა, ნერწყვიც კი აღარ მოსდიოდა. თითქოს, მის ყელში ისეთივე ობობები გაჩნდნენ, როგორებიც გრძნეულისაში. თუმცა პიმე მათგან ვერ თავისუფლდება. ის–ის იყო უნდა დაცემულიყო, რომ ასიოდე მეტრში ხე შენიშნა, რომელიც ეულად იდგა. პიმემ მთელი შინაგანი ენერგია მომართა, რომ იმ ხემდე მიეღწია, ჩრდილში რომ მოესვენა. ათიოდე მეტრში იქნებოდა მისგან, როდესაც პატარა წყაროც შეამჩნია, რომელიც ქვიშის ბორცვიდან გამოდიოდა, ხესთან არმისული უკან უხვევდა, ისევ ბორცვზე ადიოდა და ასე დაუსრულებლად. პიმე წყალს დაეწაფა და მისი სხეულიც ახლიდან აივსო სითხით, კანს ფორმა დაუბრუნდა და სხეულს ფერი. ძალამოცემული ჩრდილში მიწვა. ხეს ფოთლების მაგივრად ეკლები ჰქონდა ამოსული და ისიც, მხოლოდ წყაროს მხარეს, მეორე მხარე ცარიელი ჰქონდა.
ცოტა მოსვენების შემდეგ პიმემ გზა განაგრძო, სულ ცოტა ხანში ქალაქიც გამოჩნდა, ანდაც სოფელი, ანდაც უბრალო პატარა დასახლება, თუმცა რა აზრი აქვს ახლა ამას. პიმე ქალაქისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ერთი სული ჰქონდა, რამე ეჭამა, რამე, რომ ერთმანეთზე მიკრული კუჭის კედლები გაეცალკევებინა, რაც შეიძლება ისეთივე მტკივნეული ყოფილიყო, როგორც ყინულზე დაკრობილი ენის განშორება, მაგრამ, ამავდროულად, სავალდებულოც იყო. ქალაქში შესვლისთანავე ერთ–ერთი პატარა დუქნის უკან მდებარე სანაგვეზე ამოყო თავი, სადაც ბლომად ეყარა საჭმლის ნარჩენები, იმდენი, რომ ღრმად ძებნა არც კი დაგჭირდებოდა. პიმე სიცოცხლესავით დაეწაფა მათ და ტკივილიანი სიამოვნების მორევში გადაეშვა. გადიოდა დღეები და პიმეს არც უფიქრია აქედან წასვლა, ვინაიდან მას საჭმელი ჰქონდა, წყალიც და თუ ბარის უფროსს დალაგებაში მიეხმარებოდა, ცოტა წვნიანსაც იღებდა ხოლმე. ყველაფერი ჰქონდა მას, ყველაფერი, რაც უდაბნოში აკლდა და სხვა არც არაფერი უნდოდა. ამასობაში ზამთარიც მოვიდა. პიმეს შესცივდა და გადაწყვიტა, რომ ნაგავი გადაექექა და მის სიღრმეში დაეძინა. ასეც მოიქცა, და ცოტა მოქექვის შემდეგ, ადამიანის ხელი შეამჩნია. თავიდან შეეშინდა და გვერდზე გახტა, შემდეგ კი გაცხოველებული ინტერესით ეცა მას და წელსზევით მთლიანად გამოაჩინა, ის თვითონ იყო სანაგვეში დამარხული. გახარებულმა პიმემ სხეულს წელსქვევით ჩააყოლა ხელი. როგორც კი ორივე სათესლე ჯირკვალი იგრძნო, მაშინვე დაეცა და დაეძინა.

ობიექტური თხრობის დასასრული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი