ბრძენკაცი და მესაფლავე (გალაკტიონის მესაფლავეს)
მან დამმარხა მიწის გულში, სამუდამო დამდო ბინა, ვფიქრობ: მკვდარიც რომ ვუყვარვარ, ალბათ ბედმა გამიღიმა, და დამარხვა მისთვის ჩემი ტკივილია ალბათ მწარე, ბრძენ კაცს გვერდით ჩემს ფიქრებზე გაიცინებს მესაფლავე, სამი დღე და სამი ღამე არ ჩერდება, ტირის ქალი, გულის სიმწრით გადავსების დასტყობია საწყალს კვალი, მიწას ხვრიტავს ცხელი ცრემლი, ხეს ეცემა ვითარ წვიმა, ქალს ასე რომ ვყვარებივარ გულში ჩუმად გამეღიმა, მესაფლავე კვლავ იცინის, ის კაცი კი ეჩხუბება, ხომ დასცინის და ხითხითებს, მაგრამ ბრძენი არ ჩერდება, საფლავისკენ მობრუნდება მოხითხითე მესაფლავე, ბრძენს კი უკვირს - ამ ქალს თავი ასე როგორ შევაყვარე? ჩემი ქალის მწუხარება ირგვლივ შესძრავს მთა და ბარებს, ვხედავ, ახლოს, სულ ჩემს გვერდით, კაცი მის ვარდს ასამარებს, გული მტკივა, არ დასცალდა საწყალს სოფლად სიყვარული, არაუშავს, ამ კაცსაც ხომ გულზე ის ჰყავს მიქარგული?! კიდევ დღე რომ გადავიდა, ვხედავ კაცი ჩემს ქალს ართობს, ერთ უღელში აბამს ტკივილს და გრძნობებით ჩემს ქალს ათრობს, ვფიქრობ ახლა ჩემი ქალი იუარებს, მორთავს ტირილს, ბრძენკაცი მე თავს დამიკრავს, მესაფლავე მეც დამცინის, ვხედავ ქალი სულ არ ტირის, სულ არ არის ცრემლთა დენა, თითქოს ჩემთან დაუმარხავს, მონატრების გულში ფრენა, ქალი მორცხვად ეთანხმება, და წითელი თვალებს დახრის, გულმომაკვდავს მირჩევნოდა იმ წამს პირი დანის ბასრის, ხელი ხელსა გადაჰხვიეს და დაგვტოვეს მიწას წყვილმა, ჩვენი სიმწრის ნეშომპალით გაიხარა მათ ყვავილმა, ის ბრძენკაცი ხელს ჩაიქნევს, გაკვირვებით იტყვის: “არა! განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?” გავიხედე, სულ ჩემს გვერდით, სველ მიწაში კუბოს შიგნით, მისი გვამი სულ გახრწნილა, მისი დარდით და ტკივილით, ქვითინებდა ჩუმად ქალი, ქვითინებდა და კვდებოდა, ასე მალე სატრფოს გული რამ შესცვალა ვერ ხვდებოდა, აღარ ჩხუბობს ბრძენი კაცი და დასცინის მესაფლავე, მხოლოდ ჩვენღა დაგვრჩენია ახლა გულში გეში მწვავე, იმ დღის მერე არ მოსულა არც კაცი და აღარც ქალი, მაგრამ ბრძენის გულში ვხედავ, დასტყობია მსგავსი კვალი, იმ დღის შემდეგ კუბოს აწევს მხოლოდ მიწა, შავი მიწა, და ზემოდან ლოდს ამძიმებს, რაც სატრფომ ზედ დამაფიცა, “მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს კვლავ იგი თქვა, სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი